„ვივამედის“ დირექტორი: სააკაშვილს ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2023
გამოწერა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს მკურნალობისთვის ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ ექიმები საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გასცემენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ განაცხადა, რომ მისი უწყება ექიმების რეკომენდაციებით იხელმძღვანელებს და როცა შესაბამისი დასკვნა ექნება, სააკაშვილს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
„ამჟამად პაციენტი იმყოფება სტაციონალურ მკურნალობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა. შეთავაზებული აქვს შესაბამისი მკურნალობა. იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩვენგან. ამ ადამიანს აქვს დაავადებები და შეთავაზებული აქვს სრულიად ადეკვატური მკურნალობა, რაც გაითვალისწინა და აღიარა სტრასბურგმა", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს მკურნალობისთვის ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჯერ კიდევ მოუწევს საქმის „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვა, ახლა კი მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხზე.

სააკაშვილის მდგომარეობა

2022 წლის მაისიდან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
2023 წლის აპრილის დასაწყისში სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა ექიმებმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობას ხსნიან იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს და იღებს მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს, რაც წონის კლებას იწვევს.
სასამართლოზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადვოკატები, შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.

სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0