გაიაშვილი: თუ მოსკოვში წასვლა მანქანით შეიძლება, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავით?

© courtesy of Georgian Airwaysთამაზ გაიაშვილი
თამაზ გაიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას, თუმცა ავიაკომპანიას რუსულ მხარესთან ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ დაუწყია, განაცხადა ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა.
მისი თქმით, თავდაპირველად რეისების დასაგეგმად დეტალების შეთანხმება, ასევე გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო.

„მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. <...> დაველოდები მოვლენების განვითარებას, რადგანაც ბევრი რამეა კიდევ საჭირო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ დღეში რეისი არ იწყება და რეისის დაგეგმვა შეუძლებელია“, – აღნიშნა მან.

როგორც გაიაშვილი ამბობს, ავიაკომპანია დაინტერესებულია პირდაპირი ფრენების აღდგენით, ვინაიდან ეს ხალხს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას გაუადვილებს.
„ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა იარონ ერევნის, ბაქოს, თურქეთის გავლით? ვინმემ თქვას, თუ რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანითა და ტრაქტორით შეიძლება, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი“, — სვამს კითხვას ავიაკომპანიის დამფუძნებელი.
ამასთან ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ Georgian Airways სანქციების სიაში მოხვედრას რისკავს, თუ მოსკოვში ფრენებს დაიწყებს. მისი თქმით, ავიაკომპანიის თვითმფრინავების უმეტესობა ლიზინგითაა აღებული, რის გამოც მას სანქცირებულ ქვეყანაში ფრენები ეკრძალება.

„ჯორჯიან ეარვეისის" ფლოტის აბსოლუტური უმრავლესობა ლიზინგით გაცემული თვითმფრინავია. მისი თვითმფრინავები A კლასის საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების მიერაა დაზღვეული. იგი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წესი", — განმარტა ზაუტაშვილმა.

ექსპერტის თქმით, თუ Georgian Airways რუსეთში იჯარით აღებული თვითმფრინავით დაიწყებს ფრენებს, ეს მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს როგორც სალიზინგო კომპანიის, ისე Boeing-ისა და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან: სალიზინგო კომპანია მასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. ხოლო თუ კომპანია ფრენას არა დაქირავებული, არამედ საკუთარი თვითმფრინავით დაიწყებს, მაშინ სადაზღვევო კომპანია არ დაუშვებს ფრენას სანქცირებულ ქვეყანაში და საერთაშორისო დაზღვევასაც შეაჩერებს.
ამასთან ექსპერტი რუსულ ავიაკომპანიებსაც შეეხო და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის უფლება აქვთ, გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ დღეისათვის ყველა მათგანი სანქცირებულია.
„იმ შემთხვევაში, თუ სადმე არასანქცირებული კომპანია აღმოჩნდება, გასარკვევია, რომელი თვითმფრინავებით აპირებენ ფრენას. გასაგებია, რომ ისინი ამის გაკეთებას რუსული წარმოების თვითმფრინავებით აპირებენ, მაგრამ თუ Boing-ისა და Airbus-ის ტიპის ხომალდებით დაიწყებენ ფრენას, მზად უნდა იყვნენ, რომ ამ თვითმფრინავებს საქართველოში დააპატიმრებენ“, — აღნიშნა ზაუტაშვილმა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა, ხოლო 2023 წლის 10 მაისს აღადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0