სააკაშვილის ადვოკატი: ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის - მთავრობა ბუზისგან სპილოს ქმნის

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სამართლებრივი ბრძოლა სააკაშვილის საქმეზე არა თუ გრძელდება, არამედ გადამწყვეტ ფაზაში შედის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
მისი განმარტებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არის „დროებითი ღონისძიების“ პროცედურული გადაწყვეტილება, რომელიც სარჩელის განხილვამდე მიიღეს.

„დროებითი ღონისძიება სწორედ ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო. ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვარშავაში, მინიმუმ იქამდე, ვიდრე საჩივრის განხილვა არ დასრულდება“, — განმარტა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს სთხოვდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სააკაშვილის ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში გადაყვანა „საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, უფრო სწორად, მის დაწყებამდეც კი დაევალებინა“. და ის პასუხი, რომელიც დღეს მიიღეს სტრასბურგიდან, „მხოლოდ ეს პროცედურული ნაწილია“.
„მთავარი ამ საკითხში არის საჩივრის არსებითი განხილვა. ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს, ამ საჩივარს არსებითად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, — განაცხადა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, პანიკა, რომელიც სახელმწიფომ შექმნა და რომლის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.

„სამართლებრივი ბრძოლა სააკაშვილის საქმეზე არა თუ გრძელდება, არამედ, ვფიქრობ, შედის გადამწყვეტ ფაზაში. უფრო მეტიც, ევროსასამართლოს ამ პასუხს, ამ შეტყობინებას საქართველოს ხელისუფლებამ არ ვფიქრობ, რომ დამატებითი კუდები უნდა გამოაბას, რადგან სასამართლოს არცერთი წუთით არ შეუტანია ეჭვი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეში. <...> საქართველოს მთავრობა ბუზისგან სპილოს შექმნას ცდილობს“, — აღნიშნა თუთბერიძემ.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ამ საქმეში სააკაშვილი გაიმარჯვებს, ვინაიდან ის „ამ შემთხვევაში იბრძვის არა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას ბატონი ბრეგაძე აცხადებს, არამედ იბრძვის იმ უსამართლობის, იმ რუსეთიზაციის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე. ამასთან არ დაავალა სახელმწიფოს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის სხვა სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს.
ყველა ახალი ამბავი
0