ქართველ მკვლევარებს ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაუშვებენ

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა პეტრეს მოედანი ვატიკანში
წმინდა პეტრეს მოედანი ვატიკანში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ვატიკანის ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ დაცული მასალები ქართველი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვატიკანის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდება, რომელიც მხარეებს შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვატიკანში ვიზიტის დროს შედგა.

„შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები ჩაერთონ შესაბამის პროგრამებში, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის კუთხით ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ცნობილია, რომ ვატიკანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი აქვს, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული წყაროა დაცული მე-15 საუკუნიდან დღემდე. მათ შორის ის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებს მოიცავს“, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ასევე მოლაპარაკება მიდის იმის თაობაზე, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკასთან ითანამშრომლონ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებმა, რათა ბიბლიოთეკაში დაცული მასალების შესასწავლად მკვლევარების გაგზავნა მოხდეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სპიკერ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იტალიასა და მალტაში ვიზიტით 7 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ვატიკანის სამოციქულო სასახლეში აღმოსავლეთ ეკლესიების დიკასტერის პრეფექტთან და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დღეს მთავრდება.
საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის მაისში დაამყარეს.
ყველა ახალი ამბავი
0