მამლუქის გული: ამბავი ეგიპტის შეიხად ქცეული მარტყოფელი მღვდლის შვილისა

© Pixabay / kat7214
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
გუგული მგელაძის ბრწყინვალე ფილმ „ფესვებში“ არის ერთი სულისშემძვრელი ეპიზოდი, როცა დოდო აბაშიძის კინოგმირ გიორგი ზაქარეიშვილს სიკვდილის წინ უცხო ენა ავიწყდება და მხოლოდ ქართულად მეტყველებს. სხვათა შორის, ეს მომენტი რეჟისორის ან სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფი არ არის, მსგავსი რამ ნამდვილად შეემთხვა 80 წელს მიტანებულ სახელგანთქმულ მამლუქს იბრაჰიმ ბეგ შინჯიკაშვილს, რომელსაც, გადმოცემის თანახმად, პირწმინდად დაავიწყდა თურქული და არაბული ენები და სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა.
XVIII საუკუნის ბოლოს ეგვიპტის მმართველი და მამალუქთა მეთაური აბრამ შინჯიკაშვილი სოფელ მარტყოფში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში, თურმე, ხშირად ეხმარებოდა მამას წირვა-ლოცვის ჩატარებაში. და ალბათ მამის გზას განაგრძობდა, რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა: 15 წლისა იყო, როცა ყაჩაღებმა გაიტაცეს და მონად გაყიდეს ეგვიპტეში.
კარგი ფიზიკური მონაცემების წყალობით ეგვიპტის მამლუქთა სკოლაში ჩარიცხულა, სადაც ბრწყინვალედ დაუფლებია საბრძოლო ხელოვნებას. მერე კი იოლად აიარა ურთულესი იერარქიული კიბე და 1775 წელს, როცა 39 წლისა იყო, შეიხ ალ-ბალადი, ანუ ეგვიპტის მმართველი გახდა.
უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ახალი ეგვიპტის ფუძემდებელი და ქვეყნის ერთპიროვნული ბატონ-პატრონი, დიდი ალი-ბეგ გურჯი, იგივე იოსებ მღებრიშვილი გარდაიცვალა და ეგვიპტე ისევ ოსმალთა ხონთქარს დაემორჩილა, იბრაჰიმ ბეგ შინჯიკაშვილი გახდა ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ლიდერი.
აღზევებულ იბრაჰიმ ბეგს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. 1778 წელს მეფე ერეკლეს ელჩები აახლა, რომელთაც საქართველოში დიდძალი ოქრო და სხვა საჩუქრები გამოატანა ქართული ჯარისთვის იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის შესაძენად.
ამის მერეც ხშირად უწევდა დახმარებას ერეკლეს, ფულსა და ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა და პერიოდულად სულთნის კარზე მიმდინარე პროცესების თაობაზე საიდუმლო ინფორმაციასაც აწვდიდა.
ცნობილია, რომ ერეკლესაც წარუგზავნია ალექსანდრიაში საკუთარი დესპანი, მარტყოფელი კაცი (რუსული წყაროებით, ვინმე გელია სინჟიკოვი), სავარაუდოდ, იბრაჰიმ ბეგის ნათესავი.
ეგვიპტის შეიხ ალ-ბალადსა და ერეკლე მეორეს შორის კავშირი თითქმის ორი ათეული წელი გრძელდებოდა. ამის დასტურია ისიც, რომ 1783 წელს ეგვიპტეში სპეციალური დავალებით ჩავიდა გაბრიელ ტარბაიძე, ძმა სულეიმან ბეგისა, რომელიც იბრაჰიმ ბეგის ერთგული თანამებრძოლი იყო.
იბრაჰიმად ქცეული აბრამ შინჯიკაშვილის პიროვნებაზე ცხოვლად მეტყველებს ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან. ეგვიპტის დიდ ბეგს გაუგია, რომ საქართველოში მყოფ დედას ფეხით დიდი მანძილის გავლა უწევდა, რათა საკვირაო წირვა-ლოცვას დასწრებოდა ღვთაების მონასტერში, რადგან მარტყოფში ეკლესია არ ყოფილა. გამუსლიმებულ იბრაჰიმს დიდძალი თანხა გამოუგზავნია მშობლიურ სოფელში ეკლესიის ასაგებად, რათა არც დედასა და არც სხვებს არ ეწვალათ, იქვე ჰქონოდათ უფლის სახლი...
ოსმალთაგან თავისუფლების მოპოვების შემდეგ ეგვიპტელმა მამლუქებმა ინგლისთან შეკრეს კავშირი, რასაც მტრულად შეხვდნენ საფრანგეთში. და ფრანგულმა დირექტორიამ, ანუ ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ 1798 წელს ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის მოწყობა გადაწყვიტა ნაპოლეონ ბონაპარტეს თავკაცობით.
1798 წლის 16 ივლისს ფრანგთა 40-ათასიანმა, კარგად შეიარაღებულმა ჯარმა ალექსანდრია აიღო. ბონაპარტემ მამლუქებს გონს მოსვლა არ აცალა, თავისი 32 ათასი მეომრით 24 ივლისს გიზის პირამიდებთან გაჩნდა. მეორე მხარეს 12 ათასი მამლუქი იდგა, თანაც, ფრანგებზე ნაკლებად აღჭურვილნი.
ამასთან, მამლუქთა მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ მათ შორის არ იყო ერთიანობა. ეს კარგად უწყოდა ნაპოლეონმა, რომელიც ამბობდა კიდეც:

„ორი მამლუქი ყოველთვის დაჯაბნის ოთხ ფრანგს, 100 მამლუქი ბრძოლისუნარიანობით 100 ფრანგს უტოლდება, ხოლო 1000 ფრანგი ყოველთვის დაამარცხებს 1500 მამლუქს“.

გიზასთან გამართული ბრძოლა უშეღავათო გამოდგა. მართალია, რიცხობრივი უპირატესობა ფრანგების მხარეს იყო, მაგრამ მამლუქებმა სიმამაცით აშკარად დაჯაბნეს ნაპოლეონის მეომრები. „ტანმოკლე ფაშას“ ძალიან გაუჭირდა მამლუქთა წინააღმდეგობის დაძლევა, თუმცა ბოლოს ფრანგებმა მაინც შეძლეს გამარჯვება, ხოლო იბრაჰიმ ბეგი უკუიქცა გადარჩენილ მცირერიცხოვან მეომრებთან ერთად.
ნაპოლეონი გაოგნებული დარჩა მამლუქთა უბადლო და თავგანწირული ბრძოლით. მოგვიანებით თქვა კიდეც:

„მამლუქები მთელ აღმოსავლეთში აღტაცებისა და შიშის მომგვრელები არიან, მათი ჯარი ჩვენს მოსვლამდე უძლეველ ძალად იყო აღიარებული. მე არ ვიცი, რა გადამირჩებოდა დაუმარცხებელი და დაუპყრობელი ამ ერთ მუჭა ხალხთთან ერთად“.

ნაპოლეონი ტრიუმფით შევიდა კაიროში, რომელიც უბრძოლველად დაემორჩილა დამპყრობლებს. ფრანგებმა მაშინ დიდი სულმდაბლობა გამოიჩინეს, უომრად დანებებული ქალაქი პირწმინდად გაძარცვეს.
მანამდე კი, იმ დროს, როცა ფრანგები და მამლუქები ალექსანდრიასთან ებრძოდნენ ერთმანეთს, კაიროში 300 ფრანგი — ვაჭარი, მკვლევარი, ხელოსანი, პილიგრიმი თუ მისიონერი — შეიპყრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ ზვარაკად გამზადებული ფრანგები იბრაჰიმ ბეგის ქართველმა ცოლმა იხსნა უეჭველი სიკვდილისგან: ყველა მათგანი საკუთარ სასახლეში შეიფარა და მზრუნველობა არ მოუკლია მათთვის.
აი, კაიროში შეჭრილმა ფრანგებმა კი არ დაინდეს მამლუქთა ბეგების ოჯახები, მონათა ბაზარზე ტყვეებად გაყიდეს ისინი. მხოლოდ იბრაჰიმ ბეგის ცოლი „დაინდეს“, პატიმრობა აკმარეს და სხვა მამლუქთა ცოლებივით არ გაყიდეს მონად...
საბოლოოდ, არაერთი ბატალიისა და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, ფრანგთა სამხედრო ავანტიურა ეგვიპტეში მარცხით დასრულდა. მართალია, ეგვიპტემ ფრანგების ოკუპაციას თავი კი დააღწია, მაგრამ ნაპოლეონთან ბრძოლაში დასუსტებულმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ოსმალებს და დამოუკიდებლობა დაკარგა.
ქართველმა მამლუქებმა საქართველოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა მოისურვეს, მაგრამ იმ დროსათვის ქართლ-კახეთს უკვე დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. შესაბამისად, მამლუქთა ოცნებას ასრულება არ ეწერა. სხვა გზა არ ჰქონდათ და ისინიც ბედს შეურიგდნენ — ოსმალო ფაშას მბრძანებლობას დაემორჩილნენ.
რაც შეეხება აბრამ შინჯიკაშვილს, ასაკში შესული საერთოდ ჩამოსცილდა პოლიტიკურ ბატალიებს და სიცოცხლის ბოლო წლები ჩრდილოეთ ეგვიპტესა და სუდანში გაატარა.
ჯერ საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა ეგვიპტის ყოფილ ბეგს, მერე კი კიდევ უფრო დიდი ტრაგედია დაატყდა თავს უკვე ღრმად მოხუცებულს: მუკატამის სასახლესთან ეგვიპტის მმართველ მუჰამედ ალის მიერ მოწყობილ მამლუქთა ხოცვა-ჟლეტისას მისი ვაჟიც მოკლეს.
შვილის სიკვდილმა მთლად გამოაცალა ძალა ბერიკაცს, რომელსაც უკვე პირწმინდად დავიწყებოდა თურქული და არაბული ენები და მხოლოდ მშობლიურ ქართულზეღა ლაპარაკობდა. დიდხანს აღარ უცოცხლია მარტყოფელ აბრამად დაბადებულ და მერე ეგვიპტელ ბეგად ქცეულ მოხუცს, 1815 წელს აღესრულა.
ასე დასრულდა კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე უცხო მიწაზე. მარტყოფის ცენტრში დღესაც მდგარი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კი არის დასტური იმისა, რომ „გადასაკარგავში“ მცხოვრები ყოველი ქართველის სულიცა და გულიც მაინც აქ, საქართველოში რჩება...
ყველა ახალი ამბავი
0