„ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის ტურისტულ მარშრუტს ორი ახალი ლოკაცია დაემატა

© Sputnik / Viktor Kaminskyენგურის წყალსაცავი
ენგურის წყალსაცავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2023
გამოწერა
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. „ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის ტურისტულ მარშრუტს ორი ლოკაცია დაემატა – კინოდარბაზი და სპეციალური ინსტალაციები, იუწყება კომპანია „ენგური-ატრაქციის" პრეს-სამსახური.
ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სიახლეები და დაგეგმილი ინიციატივები „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პირადად გააცნო. ანთიძემ შეხვედრის მონაწილეებს ახლად გახსნილ კინოდარბაზში უმასპინძლა.
დამთვალიერებელი ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის ისტორიას მოკლემეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებით საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში გაეცნობა.
ტურისტული მარშრუტის სიახლეა 315-ე გვირაბში მოწყობილი ინსტალაციებიც, რომლებიც ვიზიტორებს ტურისტულ-ინდუსტრიული ძეგლის შესახებ შთამბეჭდავ ვიზუალურ ინფორმაციას აწვდის.

„ენგურჰესის" მნიშვნელობა ენერგეტიკაში გასაგებია, თუმცა ახლა სხვა პოტენციალს ვითვისებთ. ტურისტულად ეს ობიექტი ძალიან მიმზიდველია და ამავდროულად არის ძალიან კარგი საშუალება ადამიანების დაახლოებისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის", – განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.

მისი თქმით, მომავალში „ენგურჰესი" საქართველოს სავიზიტო ბარათი იქნება და 2-3 წელიწადში ამ კუთხით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება. როგორც მებონიამ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ბევრი საქმეა გასაკეთებელი, თუმცა უკვე არსებობს მკაფიო გეგმა, რომლის შესრულების შემდეგაც „ენგურჰესი" ტურისტების დიდ ნაკადს მოიზიდავს.
„ენგურჰესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ადეიშვილის თქმით, ყველაფერი, რაც გაკეთდა და რაც დაგეგმილია, შესაძლებელს გახდის უახლოეს მომავალში ეს ადგილი იქცეს არა მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის ფლაგმანად და ქართული ინდუსტრიის საძირკვლად, არამედ ძალიან სერიოზულ ტურისტულ მიმართულებად.
„ენგურჰესზე" პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა>>>
„თუ ყოველ მესამე ნათურას ჩვენ ვანთებთ და ყოველი მესამე კილოვატი ჩვენია, ალბათ, საქართველოში ჩამოსული ყოველი მესამე ტურისტიც ჩვენი ვიზიტორი გახდება“, – განაცხადა ადეიშვილმა.
ორგორც კომპანია „ენგური ატრაქციის" დირქტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, მთავარი გზავნილია, რომ „ენგურჰესს" ამოუწურავი პოტენციალი აქვს და ახლა მთავარი სულ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვაა.
თაღოვან კაშხალზე ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა-განხორციელებას კურირებს „ენგური ატრაქცია", რომელიც რამდენიმე თვის წინ „ენგურჰესის" შვილობილი კომპანია გახდა.
„ენგურჰესი" უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო კომპლექსია. „ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად.
კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგრძე – 728 მეტრი. ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის.
ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.
ყველა ახალი ამბავი
0