როგორ და რა ხნით შევლენ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში: ზახაროვას კომენტარი

© photo: Sputnik / Screenshot
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით ხალხებს შორის ურთიერთობების გამარტივებას ემსახურება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება ემთხვევა ჩვენს პრინციპულ მიდგომას, თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა“, — ნათქვამია ზახაროვას კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან ზახაროვამ განმარტა, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესასვლელად ან იქიდან გამოსასვლელად.
მისი თქმით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლას იმ სასაზღვრო პუნქტებით შეძლებენ, რომლებიც საერთაშორისო მიმოსვლისთვისაა გახსნილი — ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღემდე ვადით, დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული და ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის.
ზახაროვას თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 90 დღეზე მეტი ვადით აპირებენ სწავლას რუსულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ასევე მუშაობას, დროებით ან მუდმივად ცხოვრობას, ვალდებული არიან ქვეყანაში შევიდნენ და გამოვიდნენ ვიზებით.
გარდა ამისა, საგარეო უწყების სპიკერის თქმით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე მოქმედებს რუსეთში 72 საათით უვიზოდ შესვლის წესი, თუ ისინი ქვეყანაში საკრუიზო გემებით შედიან, რომლებსაც მგზავრების გადაყვანის ნებართვა აქვთ და საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო და სამდინარო პორტებით შედიან ქვეყანაში.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მოსკოვმა 2019 წელს შეწყვიტა ცალმხრივად. ამის მიზეზი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობაში გამოჩენასთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ისინი ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0