ფიშინგი: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ-სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის ერთი შეხედვით ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ-ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებ-გვერდების მისამართებს.
ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ-გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.
ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.
ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მიერ ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით იმისთვის, რათა მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.
ფიშინგის დროს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულით მომხმარებელი ყალბ ვებ-გვერდზე შედის/გადადის, სადაც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე" – 2 406 406.
ყველა ახალი ამბავი
0