ცესკო: საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის შემდეგ ოპოზიციამ უწყების დისკრედიტაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
უწყების განცხადებით, ცესკოს შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რომელიც პარლამენტში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კანონპროექტის ინიციატორები არიან მმართველი პარტიის დეპუტატები მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.
ახალი კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში – მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
ცესკოს პოზიციით, საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რაც პარლამენტში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა, ოპოზიციამ ცესკოს დისკრედიტაცია იმიტომ დაიწყო, რომ ორი დღის წინ დამთავრებული და 12 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარმატებულად შეფასებული არჩევნები გადაფარულიყო.

„ამ განცხადებების ყველა ავტორმა ძალიან კარგად იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნება კანონპროექტთან ვერც ინიცირების, ვერც განხილვის და ვერ მიღების მომენტში. საარჩევნო ადმინისტრაცია არ გახლავთ ის ორგანო, რომელიც ასეთი ტიპის საკითხებს წყვეტს“, – განაცხადა შარაბიძემ.

კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტის დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს.
შესაბამისი შესწორებები 2021 წელს მიიღეს და მას შემდეგ პარლამენტმა ვერ შეძლო ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა. ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატია.
ყველა ახალი ამბავი
0