გახარიას პარტია შეიძლება „ლელოსთან" გაერთიანდეს?

© press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
პარტიის „ლელო საქართველოსთვის" წევრებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკა და ახალი სტანდარტები.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არ განიხილავს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“ გაერთიანების საკითხს, განაცხადა პარტია „ლელოს" წევრმა, პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით უსუფაშვილმა.
ასე გამოეხმაურა თავისი მეუღლის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში განაცხადა, რომ გახარიამ და პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან, ერთ მაგიდას მიუსხდნენ და შექმნან სიმძიმის ცენტრი. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება სერიოზული ადამიანების ერთობა, რომლებსაც შეუძლიათ გვერდზე გადადოს პირადი წყენა და ამბიციები.

„მე პატივს ვცემ თინა ხიდაშელს და მის აზრს. მიხარია, რომ იგი პარტიას, რომელშიც ახლა ვარ, ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის გარანტად მიიჩნევს. ვისთან ერთად გაერთიანდება „ლელო", როდის და როგორ, ამას პარტია გადაწყვეტს იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, „ლელოში" მიაჩნიათ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკა, ახალი პოლიტიკური, მორალური და ეთიკური სტანდარტები. პარტია ღიაა თანამშრომლობისთვის, თუ ეს სტანდარტები დაკმაყოფილდება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„კონკრეტულად ვინმესთან გაერთიანებაზე ან არგაერთიანებაზე საუბარი არ არის... ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გახარიამ უნდა უპასუხოს ბევრ კითხვას, ვიდრე დღის წესრიგში რაიმე სახის თანამშრომლობის საკითხი დადგება არჩევნებამდე ან მის შემდეგ. ჩვენ საქმიანობას ამ პრინციპების დაცვით გავაგრძელებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ევროოპტიმისტებს“ არ გაუმართლა – საქართველოს პარლამენტში ორი ახალი ჯგუფი იქმნება>>>
ხიდაშელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გახარიას პარტიის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმაც.
„5%-იანი ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით გარკვეული პოლიტიკური ალიანსები უბრალოდ არ არის საჭირო. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობას, ევროპული მომავლის გადასარჩენად და ა.შ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ახლაც და ამ მიმართულებით არასდროს გვქონია კომპლექსი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის მაისში გიორგი გახარიამ დააფუძნა, რომელმაც „ქართული ოცნების“ რიგები და პრემიერის პოსტი დატოვა. პარტიისთვის პირველივე არჩევნებში მან მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მიიღო ადგილი.
რაც შეეხება პარტიას „ლელო საქართველოსთვის", იგი 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
ყველა ახალი ამბავი
0