ინტროვერტი ბავშვის „გადაკეთება“ შეუძლებელია: ოთხი რჩევა მშობლებს

© Pixabay / Myriams-Fotos
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მშობლებმა, რომელთა შვილიც სხვა ბევრისგან განსხვავებულად იქცევა, მაგალითად, თანატოლებთან თამაშს განზე დგომა და შორიდან ცქერა ურჩევნია, ლაპარაკისას გამუდმებით იბნევა, ხშირად დუმს და ამიტომ ვერ მიხვდები, რა ხდება მის თავში, დროის უმეტეს ნაწილს მარტო ატარებს თავის ოთახში და ცოტა მეგობარი ჰყავს, უნდა იცოდნენ, რომ საქმე ინტროვერტ ბავშვთან აქვთ, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, შვილების „უცნაური“ ქცევა განსაკუთრებით აღელვებთ ექსტრავერტ მშობლებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ბავშვის საქციელი მთლად ჯანსაღი არ არის.
სინამდვილეში ინტროვერტი ბავშვების „უცნაური ქცევა“ თანდაყოლილი ტემპერამენტითაა განპირობებული და ის არასდროს შეიცვლება, ვინაიდან ინტროვერტობა — ეს გენეტიკური თავისებურებაა.
სპეციალისტებმა ინტროვერტი ბავშვების მშობლებისთვის რამდენიმე აუცილებელად საცოდნელი რეკომენდაცია-ინფორმაცია ჩამოაყალიბეს, რომლებიც ასე გამოიყურება:

ინტროვერტობაში არაფერია არანორმალური ან სამარცხვინო

თანამედროვე საზოგადოებაში ინტროვერტობა არცთუ იშვიათი მოვლენაა. ინტროვერტები პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ. მათ შორის ბევრი წარმატებული ბიზნესმენი და ხელოვანია. მაგალითად: ბილ გეიტსი, ალბერტ აინშტაინი, ჯოან როულინგი და მრავალი სხვა. ამბობენ, რომ მაჰათმა განდი და დედა ტერეზაც კი ინტროვერტები იყვნენ.

ინტროვერტობის გადაკეთება შეუძლებელია

ამერიკელი ფსიქოლოგი მარტი ლეინი ამტკიცებს, რომ ინტროვერსიაცა და ექსტრავერსიაც გენეტიკურად არის განსაზღვრული, თუმცა მშობლები დიდ როლს ასრულებენ შვილის ტემპერამენტის განვითარებაში.
ამასთან, მისი თქმით, ინტროვერტის ტვინი ექსტრავერტის ტვინისგან განსხვავდება და ამასთან ისინი ნერვული სისტემის სხვადასხვა მექანიზმებს იყენებენ.
ინტროვერტები პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას იყენებენ, რომელიც მათ ემოციების მშვიდ მდგომარეობაში „გადახარშვის“ საშუალებას აძლევს, ხოლო ექსტრავერტები — სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც მათ მოქმედებისკენ უბიძგებს.
ამასთან სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ ინტროვერტებს უფრო მეტი რუხი ნივთიერება აქვთ პრეფრონტალურ ქერქში — თავის ტვინის იმ უბანში, რომელიც აბსტრაქტულ აზროვნებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე აგებს პასუხს.
ამიტომ თუ ბავშვი სიფრთხილესა და თავშეკავებას იჩენს, იცოდეთ, რომ ამას ბიოლოგიური მიზეზები აქვს.

ინტროვერტი ნელა ეგუება ახალ გარემოს

ინტროვერტები ახალ გარემოში ან ახალი ადამიანების თანდასწრებით ხშირად გრძნობენ თავს ზედმეტად დათრგუნულად ან, პირიქით, ზედმეტად აღელვებულად. ნუ იფიქრებთ, რომ ხალხმრავალ წვეულებაზე (ან ნებისმიერ ხალხმრავალ კომპანიაში) მოხვედრილი ინტროვერტი ბავშვი დაუყოვნებლივ დაიწყებს თამაშს ან ურთიერთობას სხვა ბავშვებთან. თუ გსურთ, რომ შვილს დისკომფორტი აარიდოთ, მიდით წვეულებაზე შედარებით ადრე, რათა მას უცნობ გარემოსთან შეგუების დრო მისცეთ.
თუ ამას ვერ ახერხებთ, უბრალოდ დააცადეთ ბავშვს, განზე გადგეს და შორიდან, მისთვის უსაფრთხო მანძილიდან დააკვირდეს იქაურობას. ეს მას გარემოსთან შეგუებაში დაეხმარება.
თუ ვერც პირველს ახერხებთ და ვერც მეორეს, მაშინ წინასწარ მოუყევით ბავშვს, სად მიდიხართ და რა ელის იქ, აუხსენით რა შეიძლება გააკეთოს, თუ დისკომფორტს იგრძნობს.
ამასთან, როგორც კიდევ ერთი ამერიკელი ფსიქოლოგი სიუზან კეინი ამბობს, მშობლები უნდა შეეცადონ, რომ ინტროვერტ შვილს ახალი გამოცდილების მიღებაზე უარი არ ათქმევინონ — თუმცა ეს ნელა და ბავშვის პირადი საზღვრების დაცვით უნდა მოხდეს.

აცნობეთ მასწავლებელს, რომ ბავშვი ინტროვერტია

ზოგ მასწავლებელს შეცდომით ჰგონია, რომ ბავშვი გაკვეთილზე იმიტომ დუმს, რომ საგანი არ აინტერესებს, არ იცის, ან უყურადღებოა. ამ დროს, პირიქით, ინტროვერტი ბავშვი შეიძლება უკიდურესად ყურადღებით უსმენდეს მასწავლებელს, მაგრამ აქტიურად არ მონაწილეობდეს დისკუსიაში.
ხშირად ინტროვერტი ბავშვი გონებაში ამბობს ყველაფერ იმას, რასაც მისი თანაკლასელები ხმამაღლა ამბობენ, და ამ ორ მოქმედებას შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
თუ მასწავლებელს ეცოდინება, რომ ბავშვი ინტროვერტია, შეძლებს დაეხმაროს მას თანაკლასელებთან კომუნიკაციაში და ჯგუფურ მუშაობაშიც კი ჩართოს.
ყველა ახალი ამბავი
0