მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისიის პრეზიდენტად შესაძლოა კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიონ

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2023
გამოწერა
როგორც Politico ირონიულად შენიშნავს, ფონ დერ ლაიენის ხელახალი არჩევა შესაძლოა კორონაციას დაემსგავსოს.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, დიდი ალბათობით, მეორე ვადით აირჩევენ თანამდებობაზე, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, იუწყება Politico.
გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენს, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2024 წელს ეწურება, მხარს უჭერენ ევროპის სახალხო პარტია (რომელიც ევროპარლამენტის უდიდეს ფრაქციას აკონტროლებს) და გერმანიის კონსერვატიული პარტიებიც.
რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 2019 წელს ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევაში, ჯერ კიდევ არ განუცხადებია საჯაროდ, ეთანხმება თუ არა მეორე ვადით მის არჩევას. თუმცა Politico ვარაუდობს, რომ მაკრონი, ალბათ, კვლავაც დაუჭერს მხარს თავის ძველ რჩეულს.
იმისათვის, რომ მეორე ვადითაც დაამტკიცონ ევროკომისიის პრეზიდენტად, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის უბრალო უმრავლესობის ხმები სჭირდება.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირში ზოგიერთი პოლიტიკოსი შიშობს, რომ კომისიის პრეზიდენტის პოსტზე სერიოზული კონკურენცია არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე სერიოზული ალტერნატიული კანდიდატები არ არსებობენ, ხოლო თუ ვინმე გამოჩნდა, სავარაუდოდ, ეს უკიდურესი მემარცხენეების ან უკიდურესი მემარჯვენეების კანდიდატი იქნება.
Politico ირონიულად შენიშნავს, რომ ფონ დერ ლაიენის ხელახალი არჩევა შესაძლოა კორონაციას დაემსგავსოს და არა დემოკრატიულ პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მთლად ტიტულის მემკვიდრეობით მიღება არ არის, ნამდილად ჰგავს პროცესს, რომლის მეშვეობითაც ირჩევდნენ მეფეს პოლონელი თავადები შუა საუკუნეებში“, — აღნიშნავს გაზეთი.

გამოცემა 2019 წლის არჩევნებს იხსენებს და წერს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ფონ დერ ლაიენი მაშინ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების საფუძველზე აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად, რა დროსაც მათ კონსერვატორების მიერ შეთავაზებული „წამყვანი კანდიდატი“ მანფრედ ვებერი უარყვეს.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0