გლოვისა და სირცხვილის ფერები: რატომ არის ბარსელონაში ტაქსები შავ-ყვითელი

© Pixabay / Feelgoodpicsტაქსები ბარსელონაში
ტაქსები ბარსელონაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2023
გამოწერა
იცით თუ არა, რომ ბარსელონაში ყველა ტაქსი შავ-ყვითელი ფერისაა? დიახ, სწორედ ასეა, თანაც უკვე ლამის მთელი საუკუნეა.
ამის მიზეზი ერთი ტრაგიკული შემთხვევა გახდა, რომელმაც ესპანეთის სიამაყე შეიწირა.
საქმე ასე იყო. 1926 წლის 7 ივლისს ბარსელონაში პირველად გამოჩნდა ტრამვაი და იმავე დღეს უცნობ მამაკაცს დაეჯახა. გამვლელი ავტომობილისტებიდან და მეეტლეებიდან არავინ მოისურვა გონდაკარგული კაცის საავადმყოფოში წაყვანა, ვინაიდან ამ „აშკარად ღატაკ“ მოხუცს არც დოკუმენტები ჰქონდა ჯიბეში და არც ფული - ანუ მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდიდა.
არადა, ეს ვიღაც უპოვარი კი არა, უდიდესი არქიტექტორი ანტონიო გაუდი გახლდათ. უბრალოდ, სამუშაო სამოსი ეცვა და ამიტომაც მიიღეს ღატაკად.
საბოლოოდ ის ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა წაიყვანეს ღარიბთა საავადმყოფოში, სადაც მხოლოდ პრიმიტიული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ლამის მთელი ქალაქი ეძებდა იმ დღეს ანტონიო გაუდის, რომელიც სან-ფელიპ-ნერის ტაძარში წავიდა დილით და უკან აღარ დაბრუნდა. ყველგან მოიკითხეს, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, ღარიბთა საავადმყოფოში მოეძებნათ 73 წლის ცნობილი არქიტექტორი.
ის ფაქტი, რომ დიდი ხელოვანი უცნობთა საერთო სასაფლაოზე დამარხვას გადაურჩა, საგრადა ფამილიას ტაძრის კაპელანის დამსახურებაა, რომელმაც გაუჩინარებიდან მეორე დღეს იპოვა და ამოიცნო გაუდი. თუმცა იმ დროისათვის მისი მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმე იყო, რომ საუკეთესო მოვლა-მკურნალობაც ვეღარ უშველიდა.
შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, 10 ივლისს, ანტონიო გაუდი გარდაიცვალა.
სწორედ მაშინ დაუწესა ბარსელონის მერიამ მეეტლეებსა და ტაქსისტებს, „ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე“ ეტარებინათ გლოვისა და სირცხვილის ფერები — შავი და ყვითელი. სწორედ იმ დღიდან არის ყველა ტაქსი ქალაქში შავ-ყვითელი.
ანტონიო გაუდი დაიღუპა ქალაქში, რომელიც თავად ააგო. რომ არ ყოფილიყო გაუდი, არ იქნებოდა ბარსელონა.
დიდი არქიტექტორი საგრადა ფამილიას ტაძრის ტერიტორიაზეა დაკრძალული, რომლის მშენებლობასაც თავისი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.
ყველა ახალი ამბავი
0