იკონიის ბეგლარბეგობიდან ეშაფოტამდე, ანუ ამბავი გიორგი სააკაძის აღსასრულისა

© Pixabay / 131355
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2023
გამოწერა
ბაზალეთთან გამართულ ძმათამკვლელ ომში განცდილი მარცხის შემდეგ, გიორგი სააკაძესა და მის მომხრეებს ქართლში უკვე აღარ დაედგომებოდათ. ამიტომ ახალციხის საფაშოს შეაფარეს თავი. დევნილებმა იქ გამოიზამთრეს და 1627 წლის გაზაფხულზე სტამბოლის შორ და ფათერაკიან გზას დაადგნენ.
ოსმალეთში გადახვეწილი სააკაძე დიდი პატივით მიიღო სულთანმა მურად მეოთხემ, რომელიც საგანგებოდ დარჩეული და მორთულ-მოკაზმული ამალით მიეგება ლეგენდარულ გურჯს.
მორჩილების ნიშნად დიდმა მოურავმა სულთნის წინაშე დაიჩოქა, სახეგაბადრულმა და კმაყოფილმა მბრძანებელმა კი ფეხზე წამოაყენა ის და გურჯისტანიდან სპარსელთა გაყრისთვის შეაქო.
ხონთქარმა გიორგი სააკაძე, რომელსაც კვლავ „გათათრების“ შემდეგ სახელად მეჰმედი უწოდეს, კაფუჯი ბაშიდ დანიშნა და ყარამანიის (იკონიის) ბეგლარბეგობაც უფეშქაშა. აშკარად დიდ იმედებს ამყარებდა მურად მეოთხე სახელგანთქმულ სარდალზე. სააკაძემ საფაშოს სამართავად ქართული ამალიდან თავისი ერთგული ხუცესი გაგზავნა, თავად კი საომარ ველს მიაშურა. მაინც არ ეხერხებოდა მართვა-გამგეობის საქმეები.
მეჰმედად ქცეული გიორგი სააკაძე პირველად აჯანყებულ აბაზა მეჰმედ ფაშას შეეტაკა და საკმაოდ წარმატებითაც. დაპირისპირებაში მისმა ჩართვამ დააჩქარა თითქმის ექვსწლიანი ომის დასრულება და აჯანყების საბოლოოდ დამარცხება. დიდმა ვეზირმა გაკოჭილი ფაშა სულთანს მიჰგვარა და კიდევ მეტად გაითქვა სახელი.
იმავე პერიოდში ოსმალეთი აბაზა ფაშას მოკავშირე ირანთანაც აწარმოებდა ომს, მაგრამ ოსმალთა სარდალ ხალილ ფაშას უნიათობით, მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებებს აღწევდა. ამიტომ სულთანმა მურად მეოთხემ ის გადააყენა და მის ნაცვლად თავისი დის ქმარი ხუსრევ ფაშა დანიშნა სარდლად. თუმცა ვერც მან ივარგა და მისი უნიათობის ფონზე აშკარად გამოიკვეთა გიორგი სააკაძის ფიგურა, რომელმაც ოსმალეთ-სპარსეთის ომში სახელ-დიდება მოიხვეჭა.
ამან მეტად გააცოფა და გაანჩხლა ხუსრევ ფაშას ცოლი, სულთან მურადის და. პირველ ვეზირს უჩიჩინებდა, თავიდან მოეცილებინა სააკაძე. ქმარს უთვლიდა, სტამბოლში მხოლოდ იმ გურჯის სახელი აკერიათ პირზე, შენს მიღწევებს კი არავინ ახსენებს, ამიტომ მეჰმედი სასწრაფოდ გამოასალმე სიცოცხლეს და ამით აღიდგინე პატივი და ღირსებაო.
თავიდან ხუსრევ ფაშა არად აგდებდა ცოლის „რჩევას“, მაგრამ რადგან მაინც სულთნის და იყო მისი კაპასი ცოლი, რისხვისა შეეშინდა — ადგა და, სახელოვან გურჯს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ვერაგი, შურიანი, სისხლის მოყვარული და მუხანათი კაცი კი იყო ხუსრევ ფაშა, მაგრამ ჭკვიანიც გახლდათ და კარგად ხვდებოდა, დიდი ქართველის უმიზეზოდ მოკვდინება ძვირად რომ დაუჯდებოდა. ამიტომაც ხელსაყრელ დროს დაელოდა, მომენტს, როდესაც ამის საბაბს თავად ქართველები მისცემდნენ.
დიდხანს ლოდინმა არ მოუწია. სამწუხაროდ, გიორგი სააკაძემ და მისმა გარემოცვამ უხეში შეცდომები დაუშვეს, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა ჩასაფრებულ ფაშას.
დიდი მოურავის შეცდომა, რომელიც ვილაიეთის მართვა-გამგეობის საკითხში ფრიად უმეცარი ყოფილა, ის გახლდათ, რომ თავის ნაცვლად კონიის მართვა ზემოხსენებულ ხუცესს დაავალა და ქართველ აზნაურთა ერთი ჯგუფით გააგზავნა იქ. ანუ მუსლიმურ ქვეყანაში საფაშოს საქმეების წარმართვა მართლმადიდებელ ხუცესს მიანდო, რაც შეურაცხმყოფელი იყო მუსლიმებისთვის და ისინი არც მალავდნენ უკმაყოფილებას.
როგორც ოსმანთა იმპერიის ჩინოვნიკი და მემატიანე მუსტაფა ნაიმა წერს:

მოურავი ჭეშმარიტად გულადი, გონიერი, ტანით სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი და დევის ღონისა იყო, მაგრამ მართვა-გამგეობის საკითხებში — უმეცარი“.

გარდა ამისა, მეჰმედად ქცეული სააკაძე ვერც ნამდვილი მუსლიმანი გახდა — მეჩეთშიც იშვიათად დადიოდა და რელიგიურ საკითხებშიც უცოდინრობას ამჟღავნებდა. უფრო მეტიც, ისიცა და მისი ხელქვეითებიც შეცდომით სპარსულ ყაიდაზე იმოსებოდნენ, ფერად ჩალმებს იხვევდნენ თავზე, რაც ოსმალებს ძალიან აღიზიანებდათ. ამის გამო მოურავ-ბეგი „რაფიზად“, ანუ სჯულისგან განდგომილ ერეტიკოსად შერაცხეს. ეს კი სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა ნებისმიერისთვის, რაოდენი დამსახურებაც უნდა ჰქონოდა სულთნის წინაშე.
ჰოდა, იკონიის მკვიდრმა ვინმე იბრაჰიმ ჩელებიმ ადგილობრივი ყადი გადაიბირა, იკონიის მოსახლეობა აიყოლია და მათთან ერთად მიუხდა ქართველებს. სააკაძის ერთგული ხუცესი შეიპყრეს, ხოლო დანარჩენი ქართველები ქალაქიდან გააძევეს და დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ბრძოლის ველზე მყოფ სააკაძეს. მერე კი საჩივარი აახლეს დიდვეზირ ხუსრევ ფაშას და ურწმუნო მოურავ-ბეგის დასჯა მოითხოვეს.
ფაშასაც ეს უნდოდა. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. ქართველმა სარდალმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა.
გიორგი სააკაძე ოსმალეთში იმ მიზნით ჩავიდა, რომ ჯარი გამოეთხოვა სულთნისაგან, რათა სპარსელები გაეყარა მთელი ამიერკავკასიიდან და ოსმალთა დროშის ქვეშ გაეერთიანებინა ჩვენი ქვეყანა. დღე დღეს მისდევდა, მაგრამ ხონთქრის დაყოლიებას ვერ ახერხებდა. მურად მეოთხის მთავარი სამიზნე ბაღდადი გახლდათ და არა ამიერკავკასია. მით უმეტეს, რომ იმერეთის მეფე გიორგი მესამეცა და ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველიც მისი ერთგულები იყვნენ.
გვიან მიხვდა გიორგი სააკაძე, რომ ოსმალეთის სულთანი ტყუილი დაპირებებით კვებავდა და მის გეგმებს ასრულება არ ეწერა. ამიტომ სპარსელებთან შერიგება დააპირა.
1629 წლის 19 იანვარს სააკაძის პირადი მტერი და საქართველოს დამაქცევარი შაჰ აბას I მიიცვალა. ტახტზე მისი შვილიშვილი სეფი I ავიდა — ის ქართველთა ხელშეწყობით გახდა ირანის მბრძანებელი.
ახალი შაჰის კარზე დომინანტი ადგილი ქართველებმა დაიკავეს. მათ შორის იყვნენ: ხოსრო მირზა — ქართლის მეფე სვიმონ პირველის ძმისწული ქაიხოსრო ბატონიშვილი, იგივე როსტომ-ხანი (რომლის შაჰის კარზე დაწინაურებაში თავის დროზე დიდი როლი შეასრულა გიორგი სააკაძემ, როდესაც იგი ირანში მოღვაწეობდა), როსტომ ხან სააკაძე — გიორგი სააკაძის ბიძა, იმამყული-ხანი — რომელსაც სეფი I მამასაც კი ეძახდა, განჯის ბეგლარ-ბეგი დაუდ-ხან უნდილაძე — რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდ მოურავთან.
გიორგი სააკაძემაც ისარგებლა შემთხვევით და ისპაჰანის სამეფო კარზე გაბატონებულ ქართველებთან მიმოწერა გააჩაღა. მისი გეგმები რადიკალურად შეიცვალა: ოსმალეთის დატოვება და სპარსეთის შაჰის კარზე გაბატონებული ქართველების დახმარებით საქართველოდან ოსმალების გაყრა და ქვეყნის გაერთიანება გადაწყვიტა.
საუბედუროდ, მოღალატე ქართველების წყალობით, ხუსრევ ფაშამ სააკაძის გეგმები შეიტყო, მაგრამ არაფერი გაამჟღავნა და იმ დღეს დაელოდა, როცა იკონიის ბეგლარბეგი სააკაძე თავისი ქართველებით გაიპარებოდა ოსმალეთიდან.
და ეს დღეც დადგა. გიორგი სააკაძემ ორმოცკაციანი ამალით დატოვა ოსმალთა ბანაკი, მაგრამ შორს ვერ წავიდა. ქართველებს გზა აებნათ და მალათიისკენ იბრუნეს პირი. დიდვეზირი ხუსრევიც ამას ელოდა, მაშინვე მდევრები დაადევნა გაქცეულებს.
როდესაც გიორგიმ მრავალრიცხოვან მდევარს მოჰკრა თვალი, წინააღმდეგობა უაზროდ მიიჩნია და დამორჩილდა. დატყვევებულები ხუსრევ ფაშას ალეპოში მიჰგვარეს. მისი ბრძანებით 1629 წლის 3 ოტომბერს დიდ მოურავსა და მის თანმხლებ ქართველებს თავები დააყრევინეს...
მაგრამ მაინც ვერაფერმა უშველა ფაშას, ვერ გაჭრა სახელოვანი გურჯის „დანაშაულების“ შესახებ საგულდაგულოდ შეგროვილმა „წყალგაუვალმა საბუთებმა“ და ფრთხილად მოქმედებამ. ხონთქრის ბრძანებით, სააკაძის მოკვდინებიდან ორ წელიწადში, 1631 წელს დასაჯეს სიკვდილით. მართალია, ამის უმთავრეს მიზეზად წარუმატელი ლაშქრობა დასახელდა, მაგრამ სულთანმა ხელმოცარულ სიძეს არც გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯა აპატია.
ფარსადან გორგიჯანიძე წერს:
„როდესაც სულთანმა შეიტყო გიორგი სააკაძის სიკვდილის ამბავი, ნამეტნავად იწყინა, მაგრამ სიდამდისინ ხუსრევ ფაშა ბაღდათით არ დაბრუნდა, არა თქვა რა. რა მოვიდა, ხონთქარმა ჰკითხა: სად არის მოურავიო. იმან მოახსენა, „რაფიზი“ იყო და მოვაკვლევინეო, ხონთქარმა ბრძანა: ჯალათ გელსუნ, მისცეს ხელთა და დიდის ხანჯლით მოაკვლევინეს ხუსრევ ფაშა“.
ასე გასრულდა სიცოცხლე სახელოვანი ქართველი სარდლისა და დიდი მოურავი გიორგი სააკაძისა, რომელმაც საფლავში წაიღო უცხო ძალების დახმარებით საქართველოს გაერთიანებაზე ოცნება...
ყველა ახალი ამბავი
0