პირველად საქართველოში: იწყება მარათონი ტურიზმის პროფესიონალებისთვის

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2023
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოში 8 -14 მაისს ტურიზმის პროფესიონალებისთვის პირველი სათავგადასავლო მარათონი გაიმართება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, შვიდდღიან სათავგადასავლო „მთა-მთა გამყოლთა მარათონში“, რომელიც თბილისიდან აიღებს სტარტს, წელს 20 სერტიფიცირებული გამყოლი მიიღებს მონაწილეობას.
ორი ქალი და ორი მამაკაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი ხუთი გუნდი შვიდდღიან ექსპედიციაში გაემგზავრება, რა დროსაც სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში გამოწვევების გადალხვა მოუწევთ.
ისინი წარმოაჩენენ პროფესიულ საგამყოლო უნარებსა და ასევე საქართველოს ისეთ საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობებს, როგორებიცაა: ცხენოსნობა, ველოტური, ჯომარდობა, ჯიპტური, სკიტური, ინციდენტზე რეაგირება, სამაშველო ოპერაცია და სხვა
„პროექტის მისიაა სათავგადასავლო ინდუსტრიის სტიმულირება, აქტიური დასვენების და გამყოლთან მოგზაურობის პოპულარიზაცია, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მოზიდვა და შთაგონება ჩაერთონ საგამყოლო პროფესიაში, რადგან გვჯერა, რომ გამყოლის კარიერას შეუძლია უზრუნველყოს საინტერესო ცხოვრება და ღირსეული ანაზღაურება, რაც გააძლიერებს თაობას, თემსა და რეგიონს“, — აღნიშნავენ უწყებაში

მარათონის განრიგი და კონკურსები

8 მაისი: 4X4 კონვოი: თბილისი-სიღნაღი, კონკურსი: საცხენოსნო ტური;
9 მაისი: სიღნაღი-ჭაჭუნას აღკვეთილი, ჯიპტური, კონკურსი: ნავიგაცია საგზაო რუკით, კემპი;
10 მაისი: ჭაჭუნა-ვაშლოვნის ნაკრძალი-ფშავი, ჯიპტური, კონკურსი: ნავიგაცია GPS, კემპი;
11 მაისი: ფშავი, სამაშველო ტრენინგი, კონკურსი: ჯომარდობა;
12 მაისი: ფშავი-არშა, კონკურსი: ველოტური ; ფშავი-ანანური, კონკურსი: სამაშველო ოპერაცია კლდეზე;
13 მაისი: არშა-გუდაური, კონკურსი: სკიტური, ძებნა ზვავში, ღამისთევა თოვლში;
14 მაისი: გუდაური-დუშეთი, კონკურსი: სამაშველო ოპერაცია თოვლში, დაჯილდოების ცერემონია.
აღსანიშნავია, რომ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გახლავთ პროფესიული კოლეჯი, სადაც სწავლა ვაუჩერული წესით ფინანსდება. უნარების სააგენტოს, განათლების სამინისტროს და დონორების ხელშეწყობით, სკოლა ამზადებს სხვადასხვა სათავგადასავლო მიმართულების გამყოლებს. მისი კურსდამთავრებულები საერთაშორისო ასოციაცია IFMGA-ს წევრები არიან.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე>>
ყველა ახალი ამბავი
0