ინსულტის ნაკლებად ცნობილი ექვსი სიმპტომი: პროფესორი გირჩევთ
13:04 04.05.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© Pexels / Marcus Aurelius
© Pexels / Marcus Aurelius
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სიცოცხლისთვის ისეთი საშიში მდგომარეობის ძირითადი სიმპტომები, როგორიცაა ინსულტი, ბევრმა იცის, თუმცა არსებობს სხვა, ნაკლებად ცნობილი ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა ყურადღებას არ აქცევდნენ, აცხადებენ ექიმები.
ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორ მარტინ დენისის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ინსულტი ემართებათ, შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიღონ სამედიცინო დახმარება, რათა ინვალიდობა ან სიკვდილიც კი აიცილონ თავიდან.
ამიტომაც უნდა გამახვილდეს ყურადღება ისეთ სიმპტომებზე, რომლებიც შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს და რომლებიც ასევე მოასწავებს ინსულტის მოახლოებას. ესენია:
სხეულის ერთი მხარის უეცარი დაბუჟება
ხელის, მკლავის, ფეხის ან სახის ნაწილის დაბუჟება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. პროფესორ დენისის თქმით, ეს ხშირად ხდება ნერვზე ზეწოლის გამო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ზის ან წევს.
მაგრამ, თუ სახე და ხელი, ან ხელი და ფეხი ერთდროულად ბუჟდება, მაშინ ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია.
მეხსიერების უეცარი დაკარგვა
პროფესორის თქმით, ინსულტის ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცნობიერების აღრევა და სხვა ადამიანების საუბრის აღქმის პრობლემა, შესაძლოა ისე გამოიყურებოდეს, რომ ადამიანმა მეხსიერება დაკარგა. ანუ, მეხსიერების უეცარი დაკარგვა შეიძლება იყოს ინსულტის ერთ-ერთი იშვიათი ნიშანი.
„ადამიანები, რომლებსაც უვითარდებათ აფაზია და დისფაზია (მეტყველების გაგების სირთულე) იწყებენ სიტყვების აღრევას. ასეთ დროს მათ არ შეუძლიათ რაიმეს თქმა ან იმის გაგება, რასაც ეუბნებიან. ასეთი მდგომარეობა არაპროფესიონალებმა შეიძლება მეხსიერების დაკარგვად შეაფასონ“, — ამბობს მარტინ დენისი.
სწორედ ამიტომ, თუ ადამიანი დაბნეულად და მახსოვრობადაკარგულად გეჩვენებათ, ინსულტი უნდა იეჭვოთ.
მხედველობის დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში
ინსულტმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, ან მხედველობის დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში.
2017 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Stroke-ში გამოქვეყნდა, ათიდან ოთხმა ინსულტგადატანილმა პაციენტმა, რომლებსაც წინასწარი ჩვეული სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, განაცხადეს, რომ ინსულტის წინ მხედველობა მოულოდნელად დაკარგეს.
უეცარი თავბრუსხვევა
მიუხედავად იმისა, რომ თავბრუსხვევა ხშირად შედარებით უვნებელი მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა ყურის ინფექციით ან თავის ტკივილით იყოს გამოწვეული, ის ასევე შეიძლება მიუთითებდეს ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემაზე.
თუ თავბრუსხვევას თან ახლავს მხედველობის გაორმაგება, სისუსტე და კიდურების დაბუჟება, ასევე ბუნდოვანი მეტყველება, ეს შეიძლება ინსულტის ნიშანი იყოს.
როგორც ჟურნალ Stroke-ში 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, აშშ-ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში თავბრუსხვევით შეყვანილი პაციენტების დაახლოებით 5%-ს ინსულტი ჰქონდა.
ყლაპვის პრობლემები
Royal Devon and Exeter-ის ექიმ-კონსულტანტის, პროფესორ მარტინ ჯეიმსის თქმით, თუ შენიშნავთ, რომ ყლაპვა გაგირთულდათ, ამას ძალიან სერიოზულად უნდა შეხედოთ.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა სიმპტომები არ ახლავს, ყლაპვის პრობლემები იშვიათად არის ინსულტის ნიშანი.
თავის უეცარი და ძალიან ძლიერი ტკივილი
მიუხედავად იმისა, რომ თავის უეცარი და ძალიან ძლიერი ტკივილი ყველაზე ხშირად შაკიკზე მიუთითებს, იშვიათ შემთხვევებში ის შესაძლოა იყოს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის ნიშანიც.
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლი თავის ტვინის მიმდებარე სივრცეში ჟონავს. ასეთმა სისხლჩაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, მათ შორის ინვალიდობა ან სიკვდილიც კი.
დაიმახსოვრეთ აბრევიატურა FAST
ეს აბრევიატურა ინსულტის სამ უმთავრეს ნიშანს და მოქმედების სწორ ალგორითმს აღწერს.
Face — სახე. ინსულტის დროს სახის ნახევარი „მორღვეულია“, ადამიანი ვერ იმორჩილებს მას, პირის კუთხე და თვალი კი ქვემოთაა დაქაჩული;
Arms — ხელები. პაციენტი ვერ სწევს ხელს ზემოთ და ვერ იკავებს მათ აწეულს, გრძნობს სისუსტეს, ან ერთ-ერთი ხელი უბუჟდება;
Speech — მეტყველება. ვერ ლაპარაკობს ან ურევს სიტყვებს, ზოგ შემთხვევაში ვერ აღიქვამს რას ეუბნებით;
Time — დრო. იმოქმედეთ სწრაფად — გამოიძახეთ ექიმი!
Face — სახე. ინსულტის დროს სახის ნახევარი „მორღვეულია“, ადამიანი ვერ იმორჩილებს მას, პირის კუთხე და თვალი კი ქვემოთაა დაქაჩული;
Arms — ხელები. პაციენტი ვერ სწევს ხელს ზემოთ და ვერ იკავებს მათ აწეულს, გრძნობს სისუსტეს, ან ერთ-ერთი ხელი უბუჟდება;
Speech — მეტყველება. ვერ ლაპარაკობს ან ურევს სიტყვებს, ზოგ შემთხვევაში ვერ აღიქვამს რას ეუბნებით;
Time — დრო. იმოქმედეთ სწრაფად — გამოიძახეთ ექიმი!
საინტერესო ფაქტები
მსოფლიოში ინსულტის შემთხვევა ყოველ 40 წამში მეორდება;
დაავადების შედეგად ყოველ ოთხ წუთში ერთი ადამიანი იღუპება;
ქვეყნების უმეტესობაში ინსულტი უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს;
ინსულტი არ არის „ბებრული დაავადება“, ის ნებისმიერს შეიძლება დაემართოს — მოზარდებს, ბავშვებს, ახალშობილებს და მუცლად მყოფებსაც კი.
წყარო: Express