ასტრონომებმა კოსმოსში „შემზარავი ბარბი“ აღმოაჩინეს

© NASA/ NASA, ESA, and the Hubble Heritage Team (STScI/AURA)
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2023
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ხელოვნურმა ინტელექტმა კოსმოსში ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროცესი დააფიქსირა, რაც კი ოდესმე უნახავთ მეცნიერებს დაკვირვებების ისტორიაში, აცხადებენ პერდუს უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარები.
საუბარია უჩვეულოდ კაშკაშა მოვლენაზე, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე ტელესკოპის მონაცემებში შენიშნა. ეს მომაკვდავი გიგანტური ვარსკვლავი აღმოჩნდა, რომელსაც სუპერმასიური შავი ხვრელი ხლეჩდა ნაწილებად. ასტრონომებმა მას „შემზარავი ბარბი“ უწოდეს.
ამ დრამატული მოვლენით გამოწვეული ელვარება უკვე დაახლოებით ორი წელია გრძელდება და ჯერაც არ ჩამქრალა, რაც მას ასევე ყველაზე ხანგრძლივსაც ხდის.

„ვფიქრობთ, რომ ამ ძალიან სუპერმასიურმა შავმა ხვრელმა ვარსკვლავი მიიზიდა და ნაწილებად გახლიჩა. თუმცა მისი ფენომენის შესწავლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. სამყაროში ცოტაა ესოდენ მძლავრი ობიექტები და რეაქციები, რომლებიც ამასთანავე დიდხანსაც გრძელდება“, — ამბობს პერდუს უნივერსიტეტის მკვლევარი ბჰაგია სუბრაიანი.

ვარსკვლავების სასიცოცხლო ციკლის ექსპერტის დენი მილისავლევიჩის თქმით, მიუხედავად სიკაშკაშისა, „შემზარავი ბარბი“ ჩვენგან უკიდურესად შორს, „ცის შორეულ კუთხეში“ მდებარეობს. მისგან მომდინარე შუქმა დაახლოებით 7,7 მილიარდი წელი გადალახა და ამიტომ მეცნიერები ძნელად თუ შეამჩნევდნენ მას ჩვეულებრივი დაკვირვების დროს.
როგორც ირკვევა, ელვარება ხელოვნურმა ინტელექტმა REFITT-მა აღმოაჩინა, რომელიც მსოფლიოს უამრავი ტელესკოპიდან იღებს მილიონობით შეტყობინებას, აანალიზებს ამ კოლოსალური რაოდენობის მონაცემებს და „ირჩევს ყველაზე საინტერესოს“.
როგორც მკვლევარები ამბობენ, აღნიშნული შავი ხვრელის სიმძლავრე ლამის ტრილიონი მზის ეკვივალენტია.
რაც შეეხება სახელს „შემზარავი ბარბი“, მეცნიერებმა შავ ხვრელს ასე მისი შემაძრწუნებელი მახასიათებლებისა და ავტომატურად მინიჭებული დასახელების — ZTF20abrbeie-ს გამო უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0