ტკიპისმიერი ენცეფალიტის საფრთხე: მწერის სწორად მოშორების მეთოდი კომაროვსკისგან

© Pixabay / Catkinტკიპა
ტკიპა  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ „ტკიპების სეზონი“ უკვე ძალაშია შესული, Sputnik-საქართველოს რედაქციამ გადაწყვიტა, მშობლებს ის რეკომენდაციები გააცნოს, რომლებსაც ცნობილი ექიმი, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი გასცემს.
აღნიშნული რეკომენდაციები გასწავლით, როგორ უნდა ამოაძროთ კანიდან ტკიპა უსაფრთხოდ და სწორად.
პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ტკიპები საშიში ინფექციური დაავადებების გადამტანები არიან. ამიტომ თუ კანზე „მიწებებულ“ მწერს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ უნდა მოიცილოთ – რეკომენდებულია პირველი 24 საათი.
გახსოვდეთ, რომ დაინფიცირების რისკი მკვეთრად იზრდება ტკიპის გასრესისას. ამიტომ უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მწერის დაზიანების შემთხვევაში ტკიპის ნაწილები ხელებზე, ჭრილობაში ან ლორწოვან გარსში არ მოგიხვდეთ.

როგორ უნდა მოაშოროთ ტკიპა

ამისათვის უნდა გამოიყენოთ პინცეტი ან სხვა სპეციალური ხელსაწყო, რომლებიც აფთიაქებში იყიდება. გარდა ამისა, ასევე შეიძლება გამოგადგეთ წებოვანი ლენტი ან ძაფის მარყუჟი;
გავრცელებული შეცდომაა ტკიპის ზეთით, ვაზელინით, ლაქითა თუ ბენზინით „გაგუდვა“ — ყველაფერი ეს მხოლოდ ახანგრძლივებს ტოქსინის ზემოქმედების დროს და შესაბამისად, ზრდის დაინფიცირების საშიშროებას;
არ შეიძლება ტკიპასთვის ხელის მოჭერა, გასრესვა ან დაჩხვლეტა, ვინაიდან ტოქსინებს მწერის ნებისმიერი ბილოგიური სითხე შეიძლება შეიცავდეს;
გაიკეთეთ დამცავი ხელთათმანი და ჩაავლეთ ტკიპას კანში ჩარჭობილი თავის ძირში, ანუ რაც შეიძლება ახლოს კანთან;
შემდეგ თანაბარი და ვერტიკალურად მიმართული მოძრაობებით ნელ-ნელა ამოქაჩეთ კანიდან;
თუ ტკიპის ამოძრობისას სხეულში მისი პირის ნაწილი დაგრჩათ, პანიკას ნუ მიეცემით — ის ინფექციური არ არის. სცადეთ ამოღება კიდევ ერთხელ. თუ არაფერი გამოვიდა, ან ექიმს მიმართეთ, ან შეეშვით და აცადეთ „ნაჭრილობევს“ შეხორცდეს;
ტკიპის ამოღების შემდეგ, ნაკბები ადგილი აუცილებლად უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკით ან უნდა ჩამოიბანოს საპნითა და წყლით; ხელები უნდა დაიბანოს ტკიპის ამომძრობმაც.
რაც შეეხება საშიშ დაავადებას, რომელსაც ტკიპა იწვევს — ეს ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის ანთებაა. მისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალება აცრაა, რომელიც სჯობს, მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში გაიკეთოთ.
ექიმების თქმით, დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, ვინაიდან ტკიპები განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურდებიან ტყეებში — ისეთ ადგილებში, რომლებსაც ადამიანები ხშირად სტუმრობენ დასასვენებლად და სასეირნოდ.
უნდა გახსოვდეთ, რომ ტკიპისმიერი ენცეფალიტის შედეგები უმეტეს შემთხვევაში სავალალოა, ვინაიდან დაავადებას ბევრი გართულება სდევს თან და საკმაოდ რთულად იკურნება.
ენცეფალიტზე ვაქცინაცია კი მაქსიმალურად იცავს ადამიანს საშიში დაავადებისგან. ენცეფალიტზე პირველადი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ორჯერადი ვაქცინაცია კეთდება 2-4 კვირიანი ინტერვალით. ერთი წლის მერე კი რევაქცინაციაა საჭირო.
ამის შემდეგ ასაკოვანი ადამიანები ტკიპისმიერი ენცეფალიტისგან 3 წლის განმავლობაში არიან დაცული, ხოლო ახალგაზრდები უფრო ხანგრძლივად — 5 წლის განმავლობაში.
სხვათა შორის, ამ ვაქცინაციის შესახებ ცნობის გარეშე ევროპის ბევრ ეროვნულ პარკში შესვლაც კიიკრძალება.
ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევი არის არბოვირუსები, რომლებიც ტკიპის ენის მეშვეობით გადაეცემა ადამიანს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ტკიპის სანერწყვე ხორთუმში გამომუშავდება გაუტკივარების ძლიერი საშუალებაც, რის გამოც ადამიანი მწერის ნაკბენს ვერ გრძნობს.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის სიმპტომები

ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 7-14 დღე გრძელდება. იშვიათ შემთხვევაში ვლინდება სწრაფი რეაქცია — ტკიპის კბენიდან ერთ დღე-ღამეში.
ტკიპისმიერი ენცეფალიტის მიმდინარეობა გრიპს ჩამოჰგავს. პაციენტი უჩივის ციებას, კუნთების ტკივილსა და სისუსტეს.
ამასთან შესაძლებელია კრუნჩხვების სისტემატური შეტევები და რეგულარული პირღებინება.
მკვეთრად იმატებს სხეულის ტემპერატურა, კანის საფარველი წითლდება, თვალების თეთრონებზე შეინიშნება კაპილარების სკდომა.
ყველა ახალი ამბავი
0