უნებართვო გამარჯვება, ანუ, როგორ აიღო თავრიზი ქართველმა გენერალმა

© Pixabay / skeeze
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
1826 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთისგან წაქეზებული ირანი ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს რუსეთის იმპერიას. ფათალი შაჰის ძის, აბას-მირზას60-ათასიანმა არმიამ მტკვარი გადმოლახა და ყარაბაღში შეიჭრა, ხოლო ირანის მხარეს მებრძოლმა ალექსანდრე ბატონიშვილმა სპარსული კავალერიით შამქორს შეუტია.
რუსეთ-სპარსეთის ომს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა — თუ რუსეთი გაიმარჯვებდა, ამიერკავკასიიდან სპარსეთს გააძევებდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ქართველები ომში აქტიურად ჩაერთვნენ და თავიც გამოიჩინეს მართლაც საარაკო სიმამაცითა და თავდადებით.
აბას-მირზამ განჯა აიღო და თბილისისკენ დაიძრა. მაგრამ მის ლაშქარს ქართული მილიცია და სახალხო ლაშქარი გადაუდგა პოლკოვნიკ ვახტანგ სავარსამიძის სარდლობით და თბილისის გზები შეუკრეს.
შამქორთანაც სასტიკად გაანადგურეს შაჰის რჩეული კავალერია. დამარცხებული ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთისკენ გაიჭრა, მაგრამ გრიგოლ ორბელიანის, გიორგი ერისთავისა და ზურაბ ანდრონიკაშვილის რაზმები წამოეწივნენ და გადარჩენილ სპარსელებს მუსრი გაავლეს. სიკვდილს ძლივს გაასწრო თავად ბატონიშვილმა, გაქცევით უშველა თავს.
ამის შემდეგ, 1826 წლის 3 სექტემბერს, განჯასთან (ელიზავეტპოლთან) გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. აბას-მირზას 40-ათასიან გარნიზონზე პირველი იერიში ქართველებმა მიიტანეს, ვინაიდან „წესადმცა არს წინამბრძოლობა ქართველთა“. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უკუიქცა. რუსთა და ქართველთა ნაწილები კი განჯაში შევიდნენ.
მიუხედავად წარმატებებისა, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I მაინც უკმაყოფილო გახლდათ მთავარსარდალ ერმოლოვით და1827 წელს იგი გრაფ პასკევიჩით ჩაანაცვლა. ახალი სარდალიც ენერგიულად შეუდგა ამიერკავკასიის ირანელთაგან გაწმენდას და მალე ნახჭევანი დაიკავა, ერევანს კი ალყა შემოარტყა.
აბას-მირზა ერევნის გასათავისუფლებლად ახალი ჯარით შემოიჭრა, მაგრამ ქალაქთან მდგარ რუსულ ჯარს კი არ შეუტია, შედარებით სუსტად დაცული ნახჭევნისკენ დაიძრა. გაჩნდა მისი დაკარგვის საფრთხე. მაშინ ინფანტერიის გენერალი გიორგი ერისთავი მცირერიცხოვანი რაზმით დაუხვდა მდინარე არაქსთან ირანელებს და კუდით ქვა ასროლინა. ისევ უკუიქცა აბას-მირზა.
სპარსი უფლისწულის უკან დახევამ ერევნის დამცველ მუსლიმებს სასო წარუკვეთა და1827 წლის 1 ოქტომბერს წინააღმდეგობა შეწყვიტეს.
ერევნისთვის ბრძოლაში თავი გამოიჩინა ექვსასმა ქართველმა ცხენოსანმა, რომელთაც გენერალი რომან ბაგრატიონი სარდლობდა, სახელოვანი პეტრე ბაგრატიონის ძმა.
2 ოქტომბერს კი გიორგი ერისთავის რაზმი დარგინის ხეობით სპარსეთისკენ დაიძრა და ქალაქი მარანდი დაიკავა. ქართველ გენერალს ჯარის დაბანაკება და დასვენებაც ვერ მოესწრო, რომ ცნობა მოვიდა, აბას-მირზა უახლოვდებაო ქალაქს. მაგრამ სპარსთა ლაშქარს შეუტყვია, მარანდი გიორგი ერისთავმა აიღოო და უწესრიგოდ დაფანტულა. დარჩენილი მეომრებით კი აბას-მირზამ შეტევა ვეღარ გაბედა.
გენერალმა ერისთავმა კი ისარგებლა შექმნილი ვითარებით და, ვიდრე მტერი გონს მოეგებოდა, სპარსეთის სიღრმეში შეიჭრა. სამხედრო ოპერაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო — პასკევიჩის ნებართვის გარეშე დაიძრა მცირერიცხოვანი რაზმით თავრიზისკენ.
მანამდე ოფიცერთა თათბირი მოიწვია, რომელზეც ყველამ ერთხმად მოიწონა გენერლის გეგმა. მხოლოდ შტაბის უფროსი მურავიოვი წავიდა წინააღმდეგ: პასკევიჩს დავუცადოთ, ცოტა ჯარი გვყავს, ყიზილბაშები სიმაგრეებში არიან და უსათუოდ დაგვამარცხებენ, რაც აქამდის გაგვიმარჯვნია, ყველაფერი ამაოდ ჩაგვივლის და დიდ პასუხისგებაში მივეცემითო.
— ჩვენ ან ავიღებთ თავრიზს, ან სულ გავწყდებით. და ვაი თქვენი ბრალი, რომ მარტო თქვენ გადარჩებით და პასუხიც თქვენ მოგეკითხებათო, — მტკიცედ განუცხადა გიორგი ერისთავმა.
არადა, თავრიზს ირანელთა 60-ათასიანი გარნიზონი იცავდა ორმოცამდე ქვემეხით. მაგრამ ქართველი გენერლის საომარი გეგმა მეტად ეფექტური გამოდგა და ერთი შეტაკებაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართველთა და რუსთა უპირატესობა გამოკვეთილიყო ამ ბრძოლაში.
ამიტომ ციხე-სიმაგრის დამცველებმა ქალაქის კარი გახსნეს და ქართველ მთავარსარდალს თავრიზის გასაღები გადასცეს. 13 ოქტომბერს გიორგი ერისთავის ქვეითი დივიზია ნაღარის კვრითა და გაშლილი დროშებით შევიდა ქალაქში...
გრაფი პასკევიჩი თავრიზის აღების გეგმას ჩაჰკირკიტებდა, როცა მოახსენეს, გენერალმა გიორგი ერისთავმა ქალაქი აიღოო. ეს იყო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება ამ საომარ კამპანიაში, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც1826-1828 წლების რუსეთ-ირანის ომის ბედი.
მოგვიანებით ნიკოლოზ პირველმა გიორგი ერისთავს ამ ოპერაციისთვის ალექსანდრე ნეველის ორდენი გადასცა.
ქართველი გენერლის მიერ თავრიზის აღება აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის საზღაურად იქნა მიჩნეული. ისე გამოვიდა, რომ ბედისწერამ სპარსელთა დამარცხება ქართველ გენერალს არგუნა, მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსთა ჯარის შემადგენლობაში იბრძოდა.
თავრიზის აღების შემდეგ რუსებსა და ქართველებს თეირანისკენ გაეხსნათ გზა და მიადგნენ კიდეც1828 წლის დასაწყისში ირანის სატახტო ქალაქს. შაჰმა წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა.
1828 წლის 10 თებერვალს სოფელ თურქმანჩაიში დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რუსეთის სამფლობელოებს ნახიჭევანისა და ერევნის ყოფილი სახანოებიც შეუერთდა. გარდა ამისა, ირანს რუსეთისთვის სამხედრო კონტრიბუციად 20 მილიონი მანეთის გადახდა დაეკისრა.
მაგრამ, რაც საქართველოსთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, ამის შემდეგ ირანმა საბოლოოდ ამოიკვეთა ფეხი ამიერკავკასიიდან.
ყველა ახალი ამბავი
0