ძველქართული ვერსია: როგორ შეიქმნა სამყარო და ვინ შექმნა ქალი

© Pixabay
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
ჩემს ყმაწვილობაში სკოლებში ქართული მითოლოგია არ ისწავლებოდა და ეს ახლა არც მიკვირს. რელიგიის უარმყოფელი კომუნისტური სისტემისთვის ერთნაირად უცხო და არაფრისმომცემი იყო წარმართული ღმერთებიცა და, მით უმეტეს, მათთან მეომარი გმირების ისტორიები.
სამწუხაროდ, ძალიან გვიან დავინტერესდი ამ თემით და აღმოვაჩინე, რომ ეს ფენომენი საოცრად ღრმა და ყოვლისმომცველია. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთან ერთად თანდათან ვეზიარო ამ სამყაროს და ერთად გავიცნოთ კოპალა და ახსარი, ბერი ბაადური და პირქუში, გიორგი ნაღვარმშვენიერი და ძლევამოსილი ამბრი, პირიმზე და ხელი სამძიმარი და ბევრი კიდევ სხვა.
სანამ ამ ცალკეულ ღმერთებზე ვისაუბრებთ, მგონი, საინტერესო იქნება შევიტყოთ, როგორ შეიქმნა სამყარო უძველესი, წარმართული ეპოქის ქართული ვერსიით.
თურმე, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ზესკნელი, რომელიც მორიგე ღმერთმა (ანუ მამა ღმერთმა) და მისმა დამ შექმნეს. შემდეგ და-ძმამ გადაწყვიტა, თავისი სამყოფელი ზებუნებრივი ძალისა და გონების მქონე არსებებით დაესახლებინათ, რომელთათვისაც უცხო იყო სიკვდილი. ასეთები იყვნენ ფასკუნჯი, რაში და სხვანი. ამის შემდეგ დადგა სხვა სკნელის შექმნის დროც, სადაც მოკვდავნი, ანუ ადამიანები უნდა დაესახლებინათ.
მერე შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე, დედამიწა, ცხოველები, ფრინველები, მწერები და, რა თქმა უნდა, ადამიანი — მაგრამ რატომღაც მხოლოდ მამრი.
რაღაც დროის შემდეგ და-ძმას შორის დიდი უთანხმოება მოხდა. მორიგე ღმერთი გაუბრაზდა დას, დაწყევლა იგი და მათი ერთობაც დაიშალა.
იმ დღიდან მოყოლებული ღმერთის და ავსულად იქცა, ძმას მტრად მოეკიდა და,რადგან ძმაზე არანაკლები ძალა და უნარი გააჩნდა, მანამდე შექმნილის საწინააღმდეგოს შექმნა დაიწყო.
ასე გაჩნდა პირველი მამრის საპირწონედ ქალი, ასე მოევლინნენ სამყაროს დემონები, დევები, ქაჯები და ა.შ.
ბუნებრივია, მამა ღმერთი ამას გულხელდაკრეფილი ვერ უყურებდა და ამ დემონ-დევებს „ღვთისშვილები“ დაუპირისპირა. გადმოცემით ეს ღვთისშვილნი „ნახორცივლარი“, ანუ ადამიანად ნამყოფი ღვთაებანი არიან.
ერთხანს დევ-კერპებმა იძალეს ადამიანებზე და კაცთა მოდგმა დიდ გასაჭირში აღმოჩნდა. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად ღვთისშვილთა ნაწილი საომრად აღჭურვა — მისცა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი.
ამ ღვთისშვილთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა არიან გამორჩეულებიც: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, კვირია და სხვები.
მთელი სამყარო მოიცვა გმირებისა და დევების უშეღავათო ბრძოლამ. გაავსულებული დის მიერ შექმნილი ავსულები ღვთისშვილებს ძალ-ღონით არ ჩამოუვარდებოდნენ, თუმცა გმირებმა მაინც შეძლეს ამ ბოროტების დამარცხება, შექმნეს ახალი სკნელი — ქვესკნელი, და დევ-დემონებს იქ უკრეს თავი.
ამრიგად შეიქმნა სამი განზომილება: ქვესკნელი — სადაც უხსენებელი ძალები ბინადრობენ, შუა სკნელი — სადაც ადამიანთა მოდგმამ დაიდო ბინა, და ზესკნელი — სადაც ღმერთებმა და ღვთისშვილებმა დაივანეს.
ეს უკანასკნელნი ხშირად სტუმრობდნენ შუასკნელს, ანუ დედამიწას. ისინი ხან ციდან შუქად ჩამოესვეტებიან, ხან ოქროქსოვილზე დგებიან და დაფრინავენ, ხან ნისლის ჯანღიდან ცხენდაცხენ გამოდიან და ხან უბრალოდ, მტრედის სახით ეცხადებიან საყმოს. თუმცა საფარველი აქვთ დადებული და მათი ხილვა უბრალო კაცთათვის შეუძლებელია. მხოლოდ გამორჩეული სტატუსის ან სიწმინდის მქონე ადამიანები ამცნობდნენ ხალხს მათ ნაბრძანებს. ასეთებად მოიაზრებოდნენ ქადაგნი, ხევისბერ-ხუცესნი, ხატის მკადრენი.
ღვთისშვილთა მოვალეობა ადამიანთა დაცვა და განათლება გახლდათ. ისინი ფლობდნენ ყოველგვარი ცოდნისსაიდუმლოს — განსაკუთრებით, იმ დროს ყველაზე საჭირო, მეტალურგიის საიდუმლოს. ამათ საპირწონედ დევთა სამყაროში მეტალურგიის მცოდნენი იყვნენ ეგრეთ წოდებული ქაჯები.
გადმოცემით, ღვთისშვილებმა დალაშქრეს ქაჯავეთი (ანუ ქაჯთა ქვეყანა), გაანადგურეს იგი ხახმატის გიორგის მეთაურობით, იქაური სამჭედლო დაარბიეს, მოაცამტვერეს ქაჯთა საბუდარი და დიდძალი განძით დაბრუნდნენ სამზეოზე. თან წამოიღეს: თასი, ოქროს ფანდური, ფურის რქა, საკიდელი, ცხრაენიანი ზარი, საცერი და ქურთემული, ანუ გრდემლი. ეს იყო იმ დროის სოციუმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საგნები.
გარდა ამისა, წამოიყვანეს ქაჯთა ულამაზესი ქალები: სამძიმარი, მზექალი, აშექალი და სიმანქალი. ეს ქალები ღვთაებათა დობილები (ხევსურულად „მოდეები") გახდნენ, ღვთაებათა სალოცავების ახლოს დაიდეს ბინა და ეხმარებოდნენ მათ. თუ კაცთა მოდგმა განარისხებდა ღვთაებას, დობილები ცდილობდნენ, როგორმე შეერბილებინათ მათი რისხვა, მაგრამ თუ საყოველთაო უწმინდურება დაისადგურებდა, მაშინ და-დობილნი შეუბრალებელნი ხდებოდნენ და ხშირად დიდ უბედურებასაც ატეხდენ თავს გაურჩებულ ადამიანებს სახადის, ყვავილისა თუ წითელას სახით.
ქართულმა მითოლოგიამ ბევრი ლეგენდა შემოგვინახა. ამირანის ისტორია ვიცით, მაგრამ ვეჭვობ, ბევრმა იცოდეს მისი მძლეველის, უზარმაზარი გიგანტის, ამბრის შესახებ. უაღრესად საინტერესოა მითი ქალი ღვთაება სამძიმარის შესახებ, რომლის ცხოვრების წესი ხევსურეთში დამკვიდრებულ წაწლობის ინსტიტუტს უკავშირდება. თუმცა, ამ და სხვა ლეგენდებს მომდევნო მონათხრობში გაგაცნობთ...
ყველა ახალი ამბავი
0