ივანიშვილის დაშანტაჟება სანქციებით შეუძლებელია – კალაძე

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის მის თანხებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა Credit Suisse–ის ტრასტებმა 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაიწყეს.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება არანაირ შედეგებს არ მოიტანს, განაცხადა ‘ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს, ხოლო ხელისუფლების სათავეში მისი მარიონეტები არიან. მათი თქმით, ივანიშვილის ხელით მმართველი პარტია ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის, რის გამოც მის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. ამავე დროს, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ექს–პრემიერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ქვეყნის მართვაში არანაირად არ ერევა.
„ეს შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რათა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ზეწოლა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გრძელდება და ამის მიზეზი ყველასთვის ცხადია.
„ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, არ გვინდოდა დაგვეზიანებინა საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, შევუერთდეთ სანქციებს, როცა დარწმუნებული არ ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ჰარაკირი“, – განაცხადა კალაძემ.
შანტაჟის ახალი ხაზი - ვინ ემუქრება ამჯერად ბიძინა ივანიშვილს>>
როგორც კალაძემ აღნიშნა, იგივე ეხება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხს. მისი თქმით, საქართველომ უკვე გამოიარა ეს და გადაიხადა მძიმე საფასური.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა.
„ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანზე არის ყველაზე მეტი შეტევა. როგორც იცით, მას თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – აღნიშნა მან.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
ეს საქართველოსთვის ჰარაკირი იქნებოდა – კალაძე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
ყველა ახალი ამბავი
0