ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში ტრენინგს მართავენ

© photo: Sputnik / Annabel_Pთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
ტრენინგის მიზანი კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების კომპეტენციის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში ხუთდღიან ტრენინგსა და მასტერკლასს მართავენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰოლივუდის გამოცდილი წარმომადგენლების ტრენინგი „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების კომპეტენციის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა.
ტრენინგებს ლოკაციის სკაუტი და მენეჯერი ბექი ბრეიქი და პროდიუსერი ჯანეტ მილო გამართავენ, რომელსაც პროდიუსინგში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ორივე ტრენერი კინოინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი პროფესიონალია და ჰოლივუდის წამყვან, მსხვილ სტუდიებთან მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ.
„აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს ქართველი კინომწარმოებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პროექტი მოვიზიდოთ და განვახორციელოთ საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან არა მხოლოდ ფილმისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, არამედ საინტერესო ლოკაციების შერჩევის მნიშვნელობასა და ხერხებს.
საქართველოში ჰოლივუდელი ტრენერების მასტერკლასების პარტნიორია თბილისი მერია, მხარდამჭერი სასტუმრო „რუმს ჰოტელი“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამა „გადაიღე საქართველოში", 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
წყარო - აწარმოე საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0