როგორ დავძლიოთ უთანასწორობა ქართულ საზოგადოებაში - პროფკავშირების მანიფესტი

© photo: Sputnik / Stringerმსვლელობა რუსთაველზე
მსვლელობა რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
პროფკავშირების გაერთიანებამ ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებებითა და წინადადებებით მიმართა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. დასაქმებულთა ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა და პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს გაუგზავნა მიმართა მოთხოვნებით, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოებაში მზარდი უთანასწორობის დაძლევას.
მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს (1 მაისი) პროფკავშირების გაერთიანებამ რუსთაველის გამზირზე ტრადიციული აქცია-მსვლელობა გამართა და გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელშიც საუბარია მშრომელთა პრობლემებსა და მათი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად კონკრეტული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე.
საქართველოს პროფკავშირები მოითხოვენ:
ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესებას არანაკლებ საშუალო ხელფასის 40%-ისა და პროგრესული გადასახადების დადგენას სოციალური დიალოგის გზით;
1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას.
რას სთავაზობს პროფკავშირები:
დასაქმებულების ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა;
უმუშევრობის შემწეობის დადგენა;
გენდერული უთანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა;
პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;
კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა.
როგორც მანიფესტშია აღნიშნული, საქართველოში 131 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს, მაშინ როდესაც 227 ადამიანი თვეში 100 ათას ლარზე მეტი ოდენობით ხელფასს იღებს.
პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ უთანასწორობას პროგრესული დაბეგვრის არარსებობა აღრმავებს, როდესაც 500 ლარის ხელფასის მქონე პირი და ისინი, ვინც 100 ათას ლარზე მეტს იღებს, საშემოსავლო გადასახადს იხდიან.
„სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ეს შემცირება ბოლო 17 წლის განმავლობაში მხოლოდ 1,8%-ია და რაც მთავარია, სიღარიბის შემცირება ხდება სოციალური პროგრამებით მოსახლეობის მოცვის გაფართოებით და არა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით", - აღნიშნულია მანიფესტში.
შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება დამოკიდებული საარსებო შემწეობაზე და სხვა სოციალურ გასაცემლებზე მაშინ, როცა შრომისუნარიანი მოქალაქეები ან უმუშევრები არიან ან ტოვებენ ქვეყანას და საზღვარგარეთ მიდიან ელემენტარული სამუშაოს საძებნელად.
საქართველოს პროფკავშირმა მშრომელთა საერთაშორისო დღე აღნიშნა - ფოტო>>>
მიგრაცია მათ ყოფას ყოველთვის არ აუმჯობესებს, რამდენადაც საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტები ხდებიან შრომითი ექსპლუტაციისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ნათქვამია მანიფესტში.
როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერული სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის. მიუხედავად შრომის კოდექსში შესული გარკვეული ცვლილებებისა, სახელფასო სხვაობა სქესის ნიშნით ჯერ კიდევ 17,3%-ს აღწევს.
სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას საჭიროებს მაღალი არაფორმალური დასაქმება - არასასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეთა 28,8% არაფორმალურადაა დასაქმებული. ისინი მოკლებული არიან როგორც შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით სარგებლობის, ისე საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
„ერთი შეხედვით, 2019 წლის პანდემიის შედეგები დაძლეულია და შრომის ბაზარი თითქოს დაუბრუნდა წინა პერიოდის მდგომარეობას, თუმცა ბოლო პერიოდში თავი იჩინა სხვა პრობლემებმა, რომლებიც არანაკლები სიმწვავისაა და მათთან გამკლავება მნიშვნელოვანია საქართველოს შრომის ბაზრისთვის", - ნათქვამია მანიფესტში.
საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ პოსტპანდემიურ პრობლემებს შორის დასახელებულია სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, რომელიც საქართველოს არასტაბილური ეკონომიკისთვის ახალ გამოწვევად იქცა.
„ფასებმა მოიმატა ყველასთვის თანაბრად, მიუხედავად მათი შემოსავლებისა, მაშინ როდესაც ხელფასები და შემოსავლები იზრდება არათანაბრად, რაც გამოწვეულია შრომის ბაზრის და სოციალური პოლიტიკის არასრულყოფილებით", - ნათქვამია მანიფესტში..
პროფკავშირების წარმომადგენლები აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლებისგან რეალურ ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0