მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქალის ციფრულმა ასლმა მისი ქმარი და ბანკი მოატყუა: ვიდეო

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ჟურნალისტმა ჯოანა სტერნმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა მდგომარეობაშია ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ვიდეო- და ხმოვანი ტექნოლოგიები, რისთვისაც პროგრამა Synthesia-ს გამოყენებით საკუთარი ასლი შექმნა, წერს ამერიკული მედია.
როგორც აღინიშნება, ეს პროგრამა რეალისტური ვიდეოების შექმნის საშუალებას იძლევა ნებისმიერი ადამიანითა და ნებისმიერი ტექსტით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯოანა სტერნმა დაახლოებით ნახევარი საათი მოანდომა მწვანე ფონზე საკუთარი თავის ჩაწერას, რათა შემდეგ გაეციფრულებინა იგი. თავის ასლს ჟურნალისტმა AI ჯოანა დაარქვა და რამდენიმე დავალება მისცა.
პირველი დავალება მარტივი იყო: AI ჯოანას ახალი ამბების ტექსტი უნდა წაეკითხა ინგლისურად, რასაც უპრობლემოდ გაართვა თავი — თუმცა მისი ხმა ოდნავ მექანიკურად ჟღერდა, ხოლო სახეს ემოციები აკლდა.
მეორე დავალება უფრო რთული იყო: AI ჯოანას ტექსტი ესპანურად უნდა წაეკითხა. ნეიროქსელი ამ ამოცანასაც გაუმკლავდა, თუმცა მისი გამოთქმა მთლად იდეალური არ იყო და ვერც ტუჩების მოძრაობა ემთხვეოდა ყოველთვის არტიკულაციას.
მართალია, Synthesia-ს ტექსტის ნებისმიერ ენაზე თარგმნა და ხმის ამ ენაზე სინთეზირებაც შეუძლია, მაგრამ ამას მეტი ძალისხმევა და ცოდნა სჭირდება. ამიტომ სტერნი მიღებული შედეგით დაკმაყოფილდა.
მესამე დავალება ყველაზე რთული იყო: AI ჯოანას ბანკი და ჟურნალისტის ოჯახი უნდა მოეტყუებინა. ამისთვის მან Deepfake Call-ის ფუნქცია გამოიყენა, რომელიც ტელეფონზე ნებისმიერი ხმით დარეკვის საშუალებას იძლევა.
AI ჯოანამ ბანკში დარეკა და ფულის სხვა ანგარიშზე გადარიცხვა მოითხოვა. ციფრულმა ასლმა წარმატებით გაიარა პირადობის შემოწმება, რა დროსაც მან ჯოანა სტერნის სადაზღვევო ნომრის ბოლო ოთხი ციფრი და დაბადების თარიღი დაასახელა. ეს მონაცემები ციფრულმა ასლმა თავად იპოვა ინტერნეტში.
ამის შემდეგ AI ჯოანამ ნამდვილი ჯოანას ქმარს დაურეკა და დაბადების დღისთვის საჩუქრის ყიდვა სთხოვა. ქმარს ეჭვიც არ შეპარვია, რომ საკუთარ ცოლს არ ელაპარაკებოდა, სანამ ჯოანამ ფეხბურთისადმი სიყვარულზე არ დაიწყო ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ ნამდვილ ჯოანას საერთოდ არ აინტერესებს ეს სპორტი.
როგორც ჟურნალისტმა საბოლოოდ დაასკვნა, ხელოვნური ინტელექტის ვიდეო- და ხმოვან ტექნოლოგიებს დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. ერთი მხრივ, ისინი ძალიან სასარგებლოა განათლების მისაღებდ, გასართობად თუ კომუნიკაციისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, ის შეიძლება თაღლითობის ჩასადენად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ასევე პირადი ცხოვრების დეტალების გამოსამზეურებლად გამოიყენონ.
ყველა ახალი ამბავი
0