გეომაგნიტური ქარიშხლები მაისში: საშიში დღეების კალენდარი

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მიმდინარე თვეში დედამიწაზე რამდენიმე გეომაგნიტური ქარიშხალი იქნება, რომელთა სიმძლავრე საშუალოზე მაღალ დონეს არ ასცდება, იუწყება აშშ-ის ოკეანოგრაფიისა და ატმოსფერული კვლევების სააგენტოს კოსმოსური ამინდის ცენტრი.
ცენტრის ცნობით, 2023 წლის მაისში მზის აქტივობა დაბალ დონეზე დარჩება, თუმცა 1-დან 13 მაისამდე და შემდეგ 17-დან 27 მაისამდე შესაძლოა მზეზე М კლასის აფეთქებები მოხდეს.
გეომაგნიტური ველის აქტიურობის შესახებ მაისში არასტაბილურიდან აქტიურამდე მერყეობაა პროგნოზირებული.
რაც შეეეხება გეომაგნიტურ ქარიშხლებს, მაისის გარკვეულ დღეებში მაგნიტოსფეროს აღშფოთება 4 ბალს ასცდება და ქარიშხალში გადაიზრდება.
ეს დღეებია:
1–4 მაისი – G1 დონის ქარიშხალი;
6–7 მაისი – G1 დონის ქარიშხალი;
11–12 მაისი – G1 დონის ქარიშხალი;
23–27 მაისი – G1 დონის ქარიშხალი.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი(განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0