ექვსი რჩევა ბრაზიან მშობლებს: როგორ მოვთოკოთ ნერვები, როცა ბავშვი არ გვიჯერებს

© Pixabay / leemurry01
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. როდესაც პატარა ბავშვი ისტერიკას აწყობს, ანჩხლობს ან უფროსებს არ უჯერებს, მშობელი ხშირად კარგავს თვითკონტროლს და უბრაზდება, ეჩხუბება მას, რაც არასწორია და, ამასთან, უშედეგოც, აცხადებენ ბავშვთა ფსიქოლოგები.
მათი თქმით, ზოგ მშობელს ჰგონია, რომ გაჯიუტებულ პატარას დაყვირებით აიძულებს მოსმენასა და დაჯერებას, მაგრამ სინამდვილეში, თუ შედეგის მიღება სურს, ხმას კი არ უნდა აუწიოს, პირიქით, მშვიდად და წყნარად უნდა დაელაპარაკოს ბავშვს.

გახსოვდეთ: თუ თქვენ, ზრდასრული ადამიანი ვერ უმკლავდებით ემოციებს, ბრაზობთ და ყვირით, ბავშვი მით უმეტეს ვერ მოერევა ბრაზსა და წყენას!

ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ მშობლებს, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე გაანჩხლებულ პატარასთან ურთიერთობისას.
ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომენტი წინასწარ უნდა გქონდეთ გაცნობიერებული — მათ შორის ისიც, რომ მან შესაძლოა ხშირად მოაწყოს ისტერიკა. ამიტომ კარგი იქნება, თუ რაღაც მანტრას შეიმუშავებთ და შესაბამის მომენტებში გაიმეორებთ მას. მაგალითად, ასეთს: „ბავშვს არასდროს ვუყვირებ“, „შვილთან ყოველთვის მშვიდი ვიქნები“ და ა.შ.
თუ გრძნობთ, რომ ბრაზის გამო თავს ვეღარ ერევით, ანუ ტვინი სიგნალს გიგზავნით, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოდის, შეჩერდით და ღრმად ჩაისუნთქეთ მუცლით. ამით სხეული ბუნებრივად დამშვიდდება, მოდუნდებით და მწვავედ რეაგირების სურვილიც გაგიქრებათ.
როცა ბავშვი კაპასობს, თუ ის 5 წელზე უმცროსი ასაკისაა, ოთახის სხვა კუთხეში გაიყვანეთ, ხოლო თუ 5 წელზე უფროსია — სხვა ოთახში (თუ გარეთ ხართ, ქუჩის ან ეზოს მოფარებულ ნაწილში) და თან ღრმად ისუნთქეთ. ამავე დროს შეეცადეთ გაიხსენოთ ის მომენტები, როდესაც პატარა კარგად იქცეოდა. ღრმად სუნთქვა და ბედნიერი მომენტების გახსენება დაგამშვიდებთ და შვილთან წყნარად დალაპარაკების უნარს აღგიდგენთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯიუტებულ პატარას პირველ რიგში თანაგრძნობა გამოუცხადოთ და მხოლოდ შემდეგ აუხსნათ, როგორ უნდა მოიქცეს. მაგალითად, ასე: „ვიცი, რომ ბრაზობ, ვიცი, რომ თამაშის შეწყვეტა არ გინდა და იმიტომ არ მომყვები მაღაზიაში. მოდი, აირჩიე ერთი რომელიმე სათამაშო და ისიც წავიყვანოთ საყიდლებზე“.
დაიხსომეთ: კარგად მოქცევა ბავშვს მაშინ უნდა ასწავლოთ, როცა ის მშვიდადაა და არ კაპრიზობს. ამიტომ თუ ისტერიკას აწყობს, დაელოდეთ მის დამშვიდებას და მხოლოდ მერეღა გაახსენეთ ცუდი საქციელი. მაგალითად, ასე: „დღეს შენ ცუდად მოიქეცი და მაწყენინე. მოდი, დავფიქრდეთ, როგორც ჯობს მოიქცე სხვა დროს?“
იცოდეთ: ყვირილი ბავშვს შიშს უჩენს და არა პატივისცემას. თუ ამას არ დაივიწყებთ, მაშინ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეს პატარა, მაინც შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებასა და მის ჭირვეულობაზე სწორად რეაგირებას.
ყველა ახალი ამბავი
0