ოჯახური ძალადობა თბილისში - პროკურატურამ მამაკაცს ბრალი წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
მასმედია იუწყება, რომ დაკავებულია იმ გოგონას ქმარი, რომელმაც სოციალურ ქსელში ატვირთა თავისი ფოტო, სადაც საშინლად არის ნაცემი.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 აპრილს თბილისში ბრალდებულმა კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა თავის ცოლზე, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალად წარედგინა „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“ (სსკ-ის 126-ე მუხლი). დაკავებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
იმავდროულად, ქართული მედია იუწყება, რომ ბრალდებული იმ ახალგაზრდა ქალის, რენატას ქმარია, რომელმაც 24 აპრილს ინტერნეტში გამოაქვეყნა თავისი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ გოგონა სასტიკად ნაცემია და თვალიდან სისხლი სდის. თავის პოსტში გოგონამ ბავშვის მამის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა. გოგონამ თქვა, რომ ძალადობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა, მაგრამ ითმენდა ცემას საერთო შვილის გამო.
გოგონას პოსტმა ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
საპასუხოდ ამჟამად ბრალდებულმა ინტერნეტში დაწერა, თითქოს რენატამ თავად მიიყენა დაზიანებები და ამას ხუთი-ექვსი ადამიანი აკვირდებოდა. მალე მამაკაცმა სოციალურ ქსელში თავისი აკაუნტი წაშალა.
ყველა ახალი ამბავი
0