როგორ გადანაწილდება ძალები შემდეგი მოწვევის პარლამენტში? ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
გამოკითხვის შედეგებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ 5%-ით უსწრებს.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 87 მანდატს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესაბამისი იქნება, განაცხადა ექსპერტმა კონსტიტუციის საკითხებში ვახტანგ ხმალაძემ.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. მეორე ადგილს ტრადიციულად იკავებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მას გამოკითხულთა 14%-მა დაუჭირა მხარი.
ხმალაძის თქმით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში „ქართული ოცნება" პარლამენტში 150-დან 87 მანდატს მიიღებდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" – 63 მანდატს.
კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით.

„იმედი მაქვს, არჩევნების შედეგები, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება გამოკითხვისგან“, – დაწერა ხმალაძემ სოციალურ ქსელში.

იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება, რასაც დიდი ხანია ითხოვს ოპოზიცია, „ქართული ოცნება" პარლამენტში 56 მანდატს, „ნაცმოძრაობა" კი 42 ადგილს მიიღებს.
რაც შეეხება საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებმაც გამოკითხის შედეგებით მოსახლეობის 3%-იანი მხარდაჭერა მიიღეს, ისინი პარლამენტში 9-9 ადგილს მიიღებენ.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 2%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს ექვსი პარტია – „ლეიბორისტული პარტია", „ლელო საქართველოსთვის", „გირჩი", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ხალხისთვის" და „მოქალაქეები".
ხმალაძის თქმით, ამ სქემით აღნიშნული პარტიებიდან საკანონმდებლო ორგანოში ოთხი პარტია ექვს ადგილს მიიღებს, ორი კი 5-5 მანდატს მოიპოვებს.
ხმალაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" უმრავლესობის შესაქმნელად კიდევ 20 მანდატი დასჭირდება, რასაც, ექსპერტის აზრით, ამ პარტიებიდან ვერ მოაგროვებს.

„თუ ასე მოხდა, უმრავლესობის შექმნა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნით მოხერხდება. თუ ესეც ვერ მოახერხეს, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები", – განაცხადა ხმალაძემ.

ამჟამინდელი მდგომარეობით, 2024 წლის ოქტომბერში არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ გარდა პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს. ამასთან, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებული პარტია არა მხოლოდ მთავრობის ფორმირებას შეძლებს, არამედ გავლენას მოახდენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე, რადგან 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.
ყველა ახალი ამბავი
0