ამბავი ირანის პრემიერის ქართველი მეუღლისა: ნინა ანდრონიკაშვილის ისტორია

© courtesy of Denis Shapiro
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
იგორ ობოლენსკი
სამხედრო ექიმს, თავად ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი, სახელად ნინა 1906 წელს დაიბადა ოდესაში, სადაც ანდრონიკაშვილი სამედიცინო განათლებას ეწაფებოდა და სადაც შეხვდა კიდეც მომავალ მეუღლეს, მარია ლვოვას. 1910 წელს წყვილს მეორე ქალიშვილი, თამარი შეეძინა, ხოლო კიდევ ათი წლის შემდეგ, როდესაც ანდრონიკაშვილების ოჯახი, როგორც იქნა, ტფილისში გადმოვიდა საცხოვრებლად არაერთი ქალაქის გამოცვლის მერე, ქვეყანას მესამე გოგონა, ეთერი მოევლინა.

ნინა ანდრონიკაშვილი და ირანის პრემიერ-მინისტრი

ანდრონიკაშვილები ბედს არ უჩიოდნენ, არ უჭირდათ — არც საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო წელს და არც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში. ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი საავადმყოფოშიც მუშაობდა და კერძო პრაქტიკასაც ეწეოდა. კომუნისტების მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი მისი ნაცნობი ოჯახიანად წავიდა ემიგრაციაში, ხოლო ვინც დარჩა, იმათგან უმეტესობა დააპატიმრეს. ამიტომაც ცდილობდა თავადი, პოლიტიკისგან თავი შორს დაეჭირა, მხოლოდ მედიცინით იყო დაკავებული.
აი მისი უფროსი ქალიშვილი ნინა კი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი და მშობლებთან არც მალავდა, რომ საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდა. და ასეთი შანსი 1928 წელს მიეცა.
ნინა ანდრონიკაშვილის დისშვილი თეიმურაზ გველესიანი: „ულამაზესმა ნინამ, რომელიც იმხანად 22 წლისა იყო, საქართველოში ირანის კონსული მირზა ალი-ხან სოჰეილი გაიცნო. ის ძალიან განათლებული კაცი იყო, რუსულიც იცოდა და ინგლისურიც. პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა ნინა და როცა საქართველოდან წასვლის დრო მოუვიდა, შესთავაზა თან გაჰყოლოდა.
დეიდას საოცრად სძულდა საბჭოთა ხელისუფლება და სოჰეილის წინადადება მისთვის ხსნა — სსრკ-დან წასვლის შანსი იყო, რომელიც ხელიდან არ გაუშვა. ოჯახში არასდროს მსმენია, რომ ნინას რაღაც გიჟური სიყვარული ჰქონოდა ალის მიმართ. ეს უფრო პატივისცემა უნდა ყოფილიყო“.
ნინა სოჰეილის ცოლი გახდა და მუსლიმანობა მიიღო. ახლა მას უკვე თუბა–ხანუმი ერქვა. გამოხდა ხანი და ვაჟი შეეძინა, რომელსაც ირაჯი, ანუ ქართულად ირაკლი დაარქვეს. მირზა ალიმ კი კარიერულ კიბეზე სწრაფი ასვლა დაიწყო და მალე ტრანსპორტის მინისტრად დანიშნეს. 1937 წელს კი ისევ დიპლომატიურ სამსახურში დააბრუნეს და ინგლისში ირანის ელჩად გაუშვეს.
დიდი ბრიტანეთი იმ პერიოდში ირანის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნეოდა. ამიტომაც ამ ქვეყანაში ელჩად წარგზავნა შაჰის მხრიდან დიდი ნდობის გამოვლინება იყო და მომავალში სერიოზულ პოლიტიკურ პერსპექტივებს უქადდა მირზა ალის.
და სანამ ირანის ელჩი დიპლომატიურ მისიას ასრულებდა, მისი მეუღლე, ნინა ანდრონიკაშვილად დაბადებული თუბა-ხანუმი მიღებებისა და წვეულებების მოწყობით იყო დაკავებული.
მას, როგორც ელჩის ცოლს, ლონდონში უცხო ქვეყნის მოქალაქის სტუმრად მიწვევის უფლება ჰქონდა და მანაც პირველი უმცროსი და, ეთერი მიიწვია.
თეიმურაზ გველესიანი: „და მიუხედავად იმისა, რომ 1937 წელი იდგა, ეთერი საზღვარგარეთ გაუშვეს. ეს ლავრენტი ბერიას ხელმოწერით მოხდა. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რა პოტენციალსაც ფლობდა სოჰეილი და მაშინვე შეუდგა ირანთან „ხიდის გადებას“… ეთერმა ლონდონში მთელი წელი დაჰყო“.
ინგლისიდან კვლავ თეირანში დაბრუნებულმა სოჰეილიმ საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, მერე კი სულაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ირანის შაჰი მაშინ მთლად ახალგაზრდა იყო და ამიტომაც მართვის ყველა სადავე, ფაქტობრივად, მირზა ალი-ხანს ეპყრა ხელთ.
რაც შეეხება ნინა ანდრონიკაშვილს, ის შაჰის მეუღლის, ულამაზესი პრინცესა სორაიას ახლო მეგობარი იყო. და სანამ ქმრები პოლიტიკით იყვნენ დაკავებული, ქალბატონები ხან შაჰის სასახლეში ატარებდნენ დროს და ხან — პრემიერ-მინისტრის სასახლეში, რომელიც ცოტათი თუ ჩამორჩებოდა მონარქის საცხოვრისს.
სოჰეილიმ, რომელიც შაჰის დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობდა და ირანის პოლიტიკური ძალებისაც, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამი ვადა გაატარა. მისი პრემიერობისას გამოუცხადა ირანმა ომი ნაცისტურ გერმანიას და დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა იაპონიასთან.
1943 წელს სწორედ მირზა ალი-ხანი ხელმძღვანელობდა იოსებ სტალინის, უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ რუზველტის კონფერენციის მომზადებას თეირანში. თქმა არ უნდა, სტალინს უეჭველად ეცოდინებოდა, რომ ირანის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ქართველი იყო. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომაც უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს ყველა მიღებაზე დავით სარაჯიშვილის ქარხნის ქართული კონიაკით; სწორედ იმ დავით სარაჯიშვილისა, ვისი ფინანსური ხელშეწყობითაც მიიღო სამედიცინო განათლება ნინას მამამ ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა.
თეიმურაზ გველესიანი: „1944 წელს დეიდა ნინამ დედაჩემ თამარისა და ბაბუა ნიკოლოზის სტუმრად წასაყვანად თბილისში ირანის პრემიერ-მინისტრის პერსონალური თვითმფრინავი გამოგზავნა. თეირანში სამი თვე დაჰყვეს, სასახლეში ცხოვრობდნენ. დედა მერე ხშირად იხსენებდა იქაურ ფუფუნებასა და მსახურების ჯარს, რომლებიც ვრცელ დარბაზებში ბუზს არ აჭაჭანებდნენ და თეთრი ხელთათმანებით დასდევდნენ მათ.
როგორც ჩანს, დეიდა ნინას მძიმე ხასიათი ჰქონდა. მგონი, ამიტომაც თქვა სიცოცხლის ბოლოს დედაჩემმა რაღაც კრიტიკული ნინას მიმართ, რაზეც მამაჩემი აყვირდა – როგორ ამბობ მაგას, ნინამ ხომ ყველანი გადაგვარჩინაო!
მართალიც იყო. რომ არა ნინასა და ირანის უპირველესი პოლიტიკოსის ქორწინება — ქვეყნისა, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, კაცმა არ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ოჯახის ცხოვრება“.
50-იან წლებში სოჰეილი კვლავ დიდ ბრიტანეთში გაუშვეს ელჩად, სადაც გარდაიცვალა კიდეც კიბოს დიაგნოზით 1957 წელს.
ნინა ირანში დაბრუნდა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრების ბოლო წლები საკმაოდ რთული იყო. საბჭოთა რევოლუციონერებს კი გაექცა, მაგრამ ირანში მაინც შეეჯახა მათ. რევოლუციის შემდეგ ნინას სასახლე ჩამოართვეს და პატარა ოთახში შეასახლეს…
თბილისში ჩამოსვლას ვერ ბედავდა. ეშინოდა, რომ უკან აღარ გაუშვებდნენ, რომ დააპატიმრებდნენ და ბანაკში გამოამწყვდევდნენ. საბჭოთა ხელისუფლებისადმი უნდობლობის საფუძველი კი ნამდვილად ჰქონდა. ამისთვის საკუთარი დის, ეთერისა და მისი მეუღლის, მხატვარ დავით კაკაბაძის ბედიც კმაროდა.
ნინა ანდრონიკაშვილი 2003 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თეირანში.

ეთერ ანდრონიკაშვილი და დავით კაკაბაძე

ლონდონში დასთან სტუმრად მყოფი ეთერი 1938 წელს თბილისში დაბრუნდა და გადაწყვიტა უცხო ენების ინსტიტუტში ჩაებარებინა. მაგრამ მერე იფიქრა, ინგლისური ისედაც ვიციო და საბოლოოდ, 1940 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ხატვა ყოველთვის უყვარდა.
ამირ კაკაბაძე — ეთერ ანდრონიკაშვილისა და დავით კაკაბაძის ვაჟი: „დედამ სწორედ იქ გაიცნო მამაჩემი — აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, პროფესორი დავით კაკაბაძე. ასაკში დიდმა სხვაობამ (მამა დედაზე მთელი 32 წლით უფროსი იყო) ვერცერთი ვერ დააფრთხო და ერთი წლის მერე კიდეც დაქორწინდნენ. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მე გავჩნდი“.
დავით კაკაბაძე იმ დროისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო. პარიზში, სადაც შვიდი წელი ცხოვრობდა, რამდენიმე გამოფენა მოაწყო მეგობრებთან ერთად. სხვათა შორის, კაკაბაძის ნამუშევრების სანახავად თავად პაბლო პიკასოც კი დადიოდა.
დავით კაკაბაძე განათლებით მათემატიკოსი იყო, პეტერბურგის უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. სხვათა შორის, სტერეოკინოს შემქმნელიც სწორედ ისაა. ევროპაში ცხოვრების პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში დააპატენტა კიდეც თავისი გამოგონება. თბილისში დაბრუნებულმა მოსკოვშიც გაგზავნა განაცხადი დასაპატენტებლად, მაგრამ…
მოსკოვი ხუთი წელი დუმდა, მერე კი გამოუცხადეს, სტერეოკინო შენ კი არა, ივანოვმა გამოიგონაო და ამით დაამთავრეს ყველაფერი.
1948 წელს საბჭოთა კავშირში ფორმალიზმთან ბრძოლა დაიწყო და კაკაბაძეს ბრალი დასდეს, „დამპალი კაპიტალიზმის მომღერალი“ ხარო. მხატვართა კავშირიდან გარიცხეს და პროფესორის წოდებაც ჩამოართვეს.
ამირ კაკაბაძე: „მამას „მგლის ბილეთი“ მისცეს და სამუშაოდ ვეღარსად მოეწყო. ითხოვდა, იმის უფლება მაინც მომეცით, ფრანგულის მასწავლებლად ვიმუშაოო, მაგრამ არც ამის ნება დართეს. მაშინ ადგა და ერევანში დაიწყო წერილების გაგზავნა, იქნებ იქ მაინც ამიყვანონ სამსახურშიო, მაგრამ იქაც არაფერი გამოვიდა“.
დავით კაკაბაძე ოთხი წლის განმავლობაში იყო უმუშევარი. დეპრესიისგან ფეხების ტკივილი დაეწყო და ძირითადად იწვა. ოჯახს მისი სიმამრი ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი ინახავდა. მხოლოდ 1952 წელსღა აიყვანეს სატირულ ჟურნალ „ნიანგში“, რომლის რედაქციაც მეხუთე სართულზე მდებარეობა და დავითს ყოველდღე უწევდა უამრავ საფეხურზე მტკივანი ფეხებით ავლა. დიდხანს ვერ გაუძლო. ძალიან მალე ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა.
ამირ კაკაბაძე: „თავი ნინა დეიდას წყალობით გაგვქონდა. ის გვიგზავნიდა პროდუქტებსა და ტანსაცმელს. დედაც, რაც შეეძლო, აკეთებდა, ბაბუას პაციენტების მიღებაში ეხმარებოდა, ოპერაში კი ქართულ კოსტიუმებზე მუშაობდა... ძალიან გვიჭირდა, მაგრამ დედა მეუღლის ნახატებს არ ყიდდა — ისედაც ვერ მოასწრო ბევრის შექმნა.
მამაჩემის პირველი დიდი გამოფენა 1959 წელს გაიმართა მოსკოვში. ეს, ფაქტობრივად, რეაბილიტაციას ნიშნავდა. მერე კი იმ შენობაში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, დავით კაკაბაძის სახლ-მუზეუმი გახსნეს. სანამ დედა ცოცხალი იყო, უამრავ დელეგაციას მასპინძლობდა. თუ ვინმე ცნობილი ჩამოდიოდა საქართველოში, აუცილებლად მოჰყავდათ ჩვენთან“.

თამარ ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილების შუათანა და თამარი თბილისში ცხოვრობდა. კონსერვატორია დაამთავრა და ნიჭიერთა მუსიკალურ სკოლაში მუშაობდა პედაგოგად. ცოლად ლევან გველესიანს გაჰყვა — საქართველოს დროებითი მთავრობის იუსტიციის მინისტრის ვაჟს.
თეიმურაზ გველესიანი, თამარის ვაჟი: „მამას კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, ვიოლინოს კლასი, რუსთაველის თეატრის ორკესტრში მუშაობდა და კოტე მარჯანიშვილთან, სანდრო ახმეტელთან და ევგენი მიქელაძესთან მეგობრობდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, რაღაც შეეცვალა საკუთარ ცხოვრებაში და ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში ჩააბარა. მერე დიდხანს მუშაობდა ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ“.
თამარმა ხანგრძლივი ცხოვრება განვლო, 93 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ უფროსი დის, ნინას ნახვას ვერ ეღირსა.
ამირ კაკაბაძე: „დეიდა ნინას სულ ეგონა, რომ საბჭოთა კავშირში ისევ შიმშილობა იყო და ფქვილს, შაქარს, ბრინჯსაც კი გვიგზავნიდა. მერე, როცა როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ საკვები არ გვიჭირდა, ტანსაცმლის გამოგზავნა დაიწყო. ამანათებს ხელოვნების შესანიშნავ ალბომებსაც აყოლებდა. ასე მგონია, რომ სწორედ ნინა დეიდას დამსახურებაა, რომ ჩვენს ოჯახს თითი არ დააკარეს და ციმბირში არ გადაგვასახლეს.
ერთხელ, 60-იან წლებში დედა „კაგებეში“ დაიბარეს და გამოუცხადეს, შეგიძლია დასთან წახვიდე თეირანში, ოღონდ ერთი თხოვნა უნდა შეგვისრულო – პატარა ჩემოდანს გაგატანთ და ერთ კაცს გადაეციო. დედა მაშინვე მიხვდა, რომ „დავერბოვკებას“ უპირებდნენ და უარი უთხრა.
მერე ჩემს გადაბირებასაც შეეცადნენ. ჩვენს სახლში ხომ გამუდმებით ირეოდნენ უცხოელები, ჰოდა, პირდაპირ გამომიცხადეს, რვეულში ჩაიწერე ყველაფერი, რასაც ილაპარაკებენ და რასაც ყურს მოკრავ, მერე კი კვირაში ერთხელ მოგვახსენეო. რა თქმა უნდა, მეც უარი ვუთხარი“...
დები ანდრონიკაშვილები, სამივე, დღეგრძელები გამოდგნენ. ნინამ 96 წელი იცოცხლა, თამარმა — 93, ეთერმა — 95 წელი. ქალბატონი ეთერი პრაქტიკულად ახლახან, 2016 წელს გარდაიცვალა...
ყველა ახალი ამბავი
0