ძმათა ორმაგი თამაშით თვალახვეული ხალიფა: ამბავი აშოტ კურაპალატის სამი ძისა

CC BY-SA 2.0 / George Mel / Khandztaხანძთა - შუა საუკუნეების მონასტერი
ხანძთა - შუა საუკუნეების მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ისტორიის განმავლობაში მუდმივად უწევდა ლავირება, რათა ძალთა ბალანსი არ დარღვეულიყო და თავი დაეძვრინა ისეთი ვეშაპებისგან, როგორებიც იყვნენ ბიზანტია, არაბთა სახალიფო, თურქეთი თუ ირანი.

რაღა თქმა უნდა, ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა ასევე ტაო-კლარჯეთის მეფე ბაგრატ I, რომელიც, ერთი მხრივ, ბიზანტიას ემორჩილებოდა, მეორე მხრივ კი კოჭს უგორებდა მის მოწინააღმდეგე არაბთა სახალიფოს. პარალელურად კი საკუთარ სამფლობელოს აფართოებდა.
აშოტ I დიდის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მემატიანე წერს, „კუალადცა ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა“. აშოტის შვილები ადარნასე, ბაგრატი და გუარამი მაშინ მცირეწლოვანნი იყვნენ და ვერ გაუწიეს მტერს წინააღმდეგობა — არაბებმა ქართლი და კახეთი ისევ დახარკეს.

შექმნილმა ვითარებამ აიძულა აშოტის მემკვიდრე ბაგრატ I, ძლიერი მოკავშირე მოეძებნა. ის დაუკავშირდა კონსტანტინოპოლის სამეფო კარს და დაახლოებით 830 წელს ბიზანტიის კეისრისგან „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული მიიღო.

ბაგრატ კურაპალატმა განაგრძო მამის აშოტ I-ის დაწყებული საქმე — მთელი ძალისხმევა საქართველოს გაერთიანებისკენ მიმართა. აშოტ კურაპალატის სამეფო ამიერკავკასიაში უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, მაგრამ არაბთა მოძალების შემდეგ ტაო-კლარჯეთმა დაკარგა შემოერთებული ტერიტორიები და ბაგრატს, ფაქტობრივად, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა.

843 წელს ბაღდადის ხალიფამ თბილისის ურჩი ამირა საჰაკის დასასჯელად დიდი ჯარი გამოგზავნა მუჰამედ იბნ ხალიდის სარდლობით.

„ხოლო ვითარ მოვიდა მოჰამედ ქართლს და მიერთო მას ბაგრატ კურაპალატი, მაშინ გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეხს, ხოლო მოჰამედ და ბაგრატ წარიღეს უფლისციხე, და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა“, — წერს მემატიანე.

ანუ, ბაგრატი ხალიდს მიემხრო, ისიც ჩაერთო საჰაკისა და მისი მოკავშირე კახეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ეს ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა: „რეხს იყო ბრძოლა მათ შორის: არცა იგინი გაიქცნენ, არცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს, აიყარა მოჰამედ და წარვიდა ბარდავს“.
ხოლო ბაგრატი ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა.

ბაღდადის მბრძანებელი არ შეურიგდა მარცხს და 853 წელს კვლავ წარმოგზავნა ურიცხვი ჯარი საჰაკის გასანადგურებლად. ამჯერად ლაშქარს ბუღა თურქი სარდლობდა.

ბაგრატი ახლა ბუღას მიემხრო. მისი მიზანი იგივე იყო: თბილისის საამიროს დასუსტება და მის ხარჯზე სამფლობელოების გაფართოება.

და როდესაც ბუღა თურქი „მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილებდა ამირა სააკ, მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწვა ცეცხლითა და მოაოხრნა ყოველნი არენი მისნი“.

სანამ მტერი თბილისის შემოგარენს იკლებდა, ბაგრატი ბუღა თურქის სარდალ ზირაქთან ერთად საჰაკის დასახმარებლად დასავლეთ საქართველოდან გადმოსულ აფხაზთა მეფე თეოდოსს გადაუდგა წინ და სასტიკად დაამარცხა. თეოდოსმა ძლივს დააღწია ტყვეობას თავი და დვალეთისკენ გაქუსლა.
ბუღა თურქმა კი საქართველოს მთიანეთი დალაშქრა. ჭართალეთს მისულმა მტარვალმა, იმ იმედით, რომ ადგილობრივები ბრძოლას შეწყვეტდნენ, სამასი მთიელი აიყვანა მძევლად და ოვსეთის გზას დაადგა. მაგრამ სომეხთა მთავარ აბულაბაზისა და ბაგრატის ძმის გუარამის მიერ წაქეზებულმა მთიელებმა მძევლები გაწირეს — ბრძოლა განაგრძეს.
ამასობაში ჩამოთოვა. ბუღა თურქმა ლაშქრობა შეწყვიტა და ისევ უკან გაბრუნდა. თუმცა უკვე მოესწრო ქვეყნისთვის არნახული ზიანის მიყენება. არაბი მემატიანის გადმოცემით, მარტო თბილისში 50 ათასი კაცი მოკლა მისმა მხედრობამ...
ბაგრატ კურაპალატი ორმაგ თამაშს თამაშობდა: დამპყრობთა თვალის ასახვევად თავად იბნ ხალიდსა და ბუღა თურქს ემხრობოდა, მისი უმცროსი ძმა გუარამ მამფალი კი (რომლის მფლობელობაშიც იყო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი და არტაანი) მის საწინააღმდეგოს აკეთებდა, რათა რეგიონში ბალანსი არ დარღვეულიყო და ერთი რომელიმე ძალა არ გაბატონებულიყო.

გუარამი სარკინოზებს ებრძოდა, ვითომ ეხმარებოდა თბილისის ამბოხებულ ამირას, მაგრამ იმავდროულად საკუთარ სამფლობელოს ზრდიდა საამიროსთვის წართმეული მიწებით. მას შემდეგ კი, რაც ბუღა თურქმა საჰაკის ნაცვლად თბილისის ამირად გაბულოცი დასვა, გუარამი ახალ ამირას დაუპირისპირდა, შეიპყრო და ბიზანტიაში გაგზავნა.

ისტორიული ფაქტია, რომ გუარამმა არაბებისთვის წართმეული მიწები ძმებს გაუნაწილა: „ხოლო გუარამ განუყვნა ქვეყანანი ძმათა თვისთა ადარნასესა და ბაგრატს“.
ანუ ძმები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. უბრალოდ, მტრისთვის თვალის ასახვევად საპირისპირო ბანაკებში იდგნენ. რეალურად კი ორივე თანმიმდევრულად აძლიერებდა ტაო-კლარჯეთის სამეფოს...
ყველა ახალი ამბავი
0