რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს ზაფხულისთვის დაუბრუნდება - მინისტრის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
რიკოთის უღელტეხილი მეწყრული პროცესების გამო 30 მარტს დაიკეტა
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონის დადგომამდე გაუქმდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილები, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანები.
„რიკოთის 149-ე კილომეტრზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს კვლევა-ძიების და სამშენებლო სამუშაოები. გაყვანილია შესაბამისი გზები იმისთვის, რომ განხორციელდეს პრევენციისა და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები. გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება“, - განუცხადა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, რიკოთის 149-ე მონაკვეთზე საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის აღდგენა დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ დასკვნაზე, რომელიც მომზადების პროცესშია.
„როგორც გზის ჩაკეტვა და გადართვა, ასევე, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მეცნიერების, ექსპერტების მიერ დასაბუთებულ, გამოკვლეულ, დაპროექტებულ და შესაბამისად, რეკომენდაცია გაცემულ წინადადებებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ, როგორც საპროექტო, ასევე უშუალოდ სამუშაოების მიმდინარე ღონისძიებები, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის უღელტეხილი

რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0