ირლანდიური რაგუ შავი ლუდით: უძველესი რეცეპტი ვიდეოს თანხლებით

© Pexels / Farhad Ibrahimzadeხორცის რაგუ
ხორცის რაგუ - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
ირლანდიური რაგუ ზურმუხტოვანი კუნძულის მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უსაყვარლესი კერძია, რომელსაც ტრადიციულად წმიდა პატრიკის დღისთვის – ქვეყნის უმთავრესი დღესასწაულისთვის ამზადებენ.
როგორ გამოიყურებოდა ირლანდიური რაგუს თავდაპირველი რეცეპტი, არავინ იცის, ვინაიდან საუკუნეთა განმავლობაში კერძს არაერთმა მზარეულმა „შეავლო“ ხელი და თავისებური ცვლილებები შეიტანა. ამიტომ ჩვენამდე მისმა უამრავმა ვარიანტმა მოაღწია.
თუმცა ის რეცეპტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ნამდვილად ძალიან ძველია.
წინაწინ გეტყვით, რომ რაგუს კლასიკური ვერსია ბატკნის ბარკლისგან მზადდება, თუმცა, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ხბოს ხორცით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

ცხვრის (ან ხბოს) ხორცი – 500-700 გ;
სტაფილო – 2 ცალი;
კარტოფილი – 600 გ;
ხახვი – 3 თავი;
ნიორი – 3 კბილი;
შავი ლუდი (ან ბულიონი) – 500 მლ;
დაფნის ფოთოლი – 2 ცალი;
ქონდარი (ხმელი ან ნედლი) – 1 ჩაის კოვზი;
ძირა – ერთი მწიკვი;
ზეთი – დაახლოებით 2 სუფრის კოვზი;
ადუღებული წყალი – ერთი ჭიქა;
მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი

გარეცხეთ და დაჭერით ხორცი მოზრდილ ნაჭრებად — დაახლოებით 3 სმ-ის ზომაზე;
ჩაასხით ღრმა და სქელძირიან ტაფაში ზეთი და გააცხელეთ, შემდეგ კი დააყარეთ ხორცი და შეწვით ის მაქსიმალურად მაღალ ცეცხლზე; მოურიეთ ხორცს დაახლოებით 2 წუთში ერთხელ, რათა ყველა მხრიდან შეიწვას.
დაახლოებით ათ წუთში, წესით, ტაფიდან მთელი სითხე უნდა აორთქლდეს, ხორცი კი საკმარისად დაიბრაწოს.
მოაყარეთ ხორცს მარილი და წიწაკა;
დაჭერით ხახვი მსხვილ ნახევარწრეებად და ჩაყარეთ ხორციან ტაფაში;
გაფცქვენით სტაფილო, დაჭერით ასევე მსხვილ ნაწილებად და ისიც ხორცში ჩაუშვით. შუშეთ მანამ, სანამ არ შერბილდება;
ამის შემდეგ ჩაასხით ტაფაში შავი ლუდი (ან ბულიონი) ისე, რომ ხორცი მთლიანად დაფაროს;
რომ ადუღდება, ჩაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და შუშეთ კერძი დაახლოებით ერთი საათი. ამ დროში ლუდი აორთქლდება, ხოლო კერძი განსაკუთრებულ არომატს შეიძენს;
ამის შემდეგ დაამატეთ ადუღებული წყალი და შუშეთ კერძი კიდევ 30-40 წუთი, ანუ სანამ ხორცი ძალიან არ დარბილდება. მოშუშვის ზუსტი ხანგრძლივობა ამ დროს დამოკიდებულია ხორცის „ახალგაზრდობაზე“, ნაჭრების სიდიდესა და ხარშვის ინტენსივობაზე;
როცა ხორცი მზად იქნება, დააყარეთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი; თუ ბოლქვები წვრილია, შეგიძლიათ არც დაჭრათ და მთლიანი კარტოფილები გამოიყენოთ;
შემდეგ ჩაუმატეთ კერძს დაფნის ფოთოლი, ძირა, ქონდარი და დანაყილი ნიორი და მოურიეთ;
თუ წყალი ძალიან დაშრება, შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ მდუღარე; მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით;
განაგრძეთ შუშვა დაახლოებით 30 წუთი, ოღონდ აღარ მოურიოთ;
როცა კერძის ყველა ინგრედიენტი კარგად ჩაიშუშება, გადმოდგით ცეცხლიდან და მიიტანეთ სუფრაზე ცხელ-ცხელი.
მიირთვით თეთრ პურთან და შავ ლუდთან ერთად!
ყველა ახალი ამბავი
0