არსებობს სხვა ხუთი მიზეზი: ჰაერის უკმარისობა ყოველთვის ფილტვების ბრალი არ არის

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ თუ ადამიანს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უჭირს, პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ფილტვებშია, რადგან სწორედ ისინია სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანო, აცხადებენ ექიმები.
თუმცა, მათი თქმით, არსებობს სხვა მრავალი დაავადება, რომლის დროსაც ასევე ძნელდება სუნთქვა და ვითარდება ქოშინი.
მედიკოსებმა განმარტეს, რა ახდენს ნორმალურ სუნთქვაზე გავლენას და რა იწვევს მის უკმარისობას, ანუ ქოშინს.

სუნთქვის პრობლემების ფიზიოლოგია

ქოშინი (ანუ დისპნოე) შეიძლება ორი სახისა იყოს:
ტაქიპნოე — როდესაც ადამიანი ხშირად სუნთქავს, ამ დროს სუნთქვის სიხშირე წუთში 17-20-ზე მეტია;
ბრადიპნოე — როდესაც ადამიანი ნელა სუნთქავს, ამ დროს სუნთქვის სიხშირე 12-ზე ნაკლებია.
სპეციალისტების თქმით, ორივე მდგომარეობა საშიშია და ასეთ ვითარებებში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება.
გარდა ამისა, სუნთქვის დარღვევა მექანიზმის მიხედვითაც იყოფა:
ინსპირატორული ქოშინი — თუ ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ჩასუნთქვის დროს ჩნდება;
ექსპირატორული ქოშინი — სუნთქვა გაძნელებულია ამოსუნთქვის დროს.
ასევე არსებობს შერეული ტიპები, როცა სირთულეები თავს იჩენს როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის დროს.

ქოშინს შეიძლება იწვევდეს:

ჰემოგლობინის დაბალი დონე — ასეთ დროს ირღვევა უჯრედებში ჟანგბადის მიწოდება, რის შედეგადაც ვითარდება ჰიპოქსია, ანუ სუნთქვა შეიძლება გახშირდეს.
გულის დაავადებები — მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევები, გულის მანკების დეკომპენსაცია, გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.
ფილტვების დაავადებები — როდესაც უშუალოდ ფილტვის ქსოვილი ზიანდება და აირების ცვლის პროცესი ირღვევა. სუნთქვის პრობლემები შეიძლება ფილტვების სიმსივნის ან ემფიზემის ფონზე განვითარდეს.
ასთმა და სიმსივნეები — როდესაც ბრონქიალური ხის საშუალებით ჰაერის მიწოდება და გამოყოფა ირღვევა. სუნთქვის პრობლემების ეს მექანიზმი ბრონქული ასთმის, ბრონქ-ფილტვის სისტემისა და ლიმფური სისტემის სიმსივნეების ფონზე ვითარდება.
კუნთების დაავადებები — როდესაც სუნთქვის მექანიკა კუნთების დაავადებების გამოა დაქვეითებული. კერძოდ, არსებობს ისეთი პათოლოგია, როგორიცაა მიასთენია (კუნთების სისუსტე), როდესაც სუნთქვითი მოძრაობების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ამ დროს კუნთები საკმარისად არ აფართოებს გულ-მკერდს და ორგანიზმში აირთა ცვლის პროცესი ირღვევა. ხშირად სუნთქვის მექანიკა ირღვევა ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა სიმსუქნე.
თრომბები — როდესაც სისხლძარღვები თრომბით იკეტება და ვითარდება თრომბოემბოლია. ამ ტიპის ქოშინი საჭიროებს სწრაფ დიაგნოზსა და დროულ მოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

არაორგანული პრობლემები

არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ჰაერის უკმარისობის შეგრძნებასა და ქოშინს უჩივიან, თუმცა ეს მდგომარეობა არ უკავშირდება რაიმე ორგანულ დაავადებას — არც ფილტვებს, არც სისხლძარღვებს. ეს შეიძლება ნერვული სისტემის პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული, რა დროსაც ე.წ. ჰიპერვენტილაციური სინდრომი ვითარდება და ადამიანს სუნთქვის ანომალიური რიტმი უჩნდება.
ექიმების თქმით, ყველაზე ხშირად ეს ხდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევის ფონზე, ფსიქიკური აშლილობების დროს, სტრესის ფონზე, და დეპრესიის ან პანიკური შეტევის სახით შეიძლება გამოვლინდეს.
ასეთ სიტუაციაში თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:
სუნთქვის უკმარისობა;
სპაზმი ყელში;
სასუნთქ გზებში ჰაერის გაძნელებული მოხვედრის შეგრძნება;
ჩასუნთქვის დროს მოძრაობის დარღვევა;
სუნთქვის შეჩერება;
მთქნარების, ხველების, ღრმად ჩასუნთქვის მუდმივი სურვილი.
ასე რომ, თუ ადამიანს რაიმე სახის სუნთქვის პრობლემები უჩნდება, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, რათა პრობლემის რეალური მიზეზი დაადგინოს და მკურნალობა დაიწყოს.
ყველა ახალი ამბავი
0