მოსაზრება: დასავლეთი ნელ-ნელა ხვდება, რატომ არ უყვართ ის

© photo: Sputnik / Alexey Filippov
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
სპეცოპერაციის ერთ-ერთ შუალედურ შედეგად იქცა ვაშინგტონის მიერ თავისი გლობალური ძალაუფლების დაკარგვა, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
მისი თქმით, დიახ, შტატებმა მოახერხა დასავლელი მოკავშირეების აყოლიება და მობილიზება - მართალია, უსასრულო დავებისა და განხეთქილებების ხარჯზე, თუმცა ვაშინგტონი დაშორდა ათობით სხვა, არადასავლურ ქვეყანას. ისინი გამოეთიშნენ ამერიკული გავლენის ორბიტას.
ჩინეთი, რომელიც თითქოსდა გადაჯაჭვულია აშშ-თან ეკონომიკური კავშირებით, დემონსტრაციულად იცილებს თავიდან სახელმწიფო მდივან ბლინკენს. ინდოეთი, რომელსაც ვაშინგტონი რამდენიმე ათეული წელი ელოლიავებოდა, უკრაინის მხარდაჭერისკენ ყველა მისი მოწოდების იგნორირებას ეწევა. აფრიკა, სადაც ამერიკელები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში, ავითარებს რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას.
საუდის არაბეთი, რომელთან ურთიერთობასაც აშშ ნახევარი საუკუნე აკოწიწებდა, უარს ამბობს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე და იწყებს თავისი ნავთობის ექსპორტის დედოლარიზაციას. ლათინური ამერიკის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აშშ თავის პროტექტორატად მიიჩნევდა, თეთრ სახლს ნოტაციებს უკითხავენ კონფლიქტების გაჩაღების დაუშვებლობაზე და ჩინეთთან და რუსეთთან მეგობრობას ამჯობინებენ.
თურქეთსაც საკუთარი ინტერესები გამოუჩნდა. ნიგერიასაც. ინდონეზიას და ბრაზილიასაც. ეს მაშინ, როცა აშშ კვლავაც ძალიან მდიდარი ქვეყანაა. სიმართლე ითქვას, მსოფლიოში პირველი არმიაც არსად გამქრალა. მაშ რატომ გაიბზარა „დაჩაგრე და იბატონე“ სტილის ამერიკული პოლიტიკა?
ერთი მხრივ, მსოფლიოს ქვეყნების მეთაურებმა შეხედეს რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებს და დაინახეს ვაშინგტონის დაუფარავი შეტევა რუსეთზე. შემდეგი მე რომ ვიყო? - გაიფიქრა რომელიღაცამ. მეორე მხრივ, მოსკოვის უპირატესობა დასავლეთის სამხედრო რესურსებზე მათ იმედს უსახავს. ესე იგი, აშშ არც ისე ძლევამოსილია, როგორიც გარედან ჩანდა. და მათი ყველა მუქარა, შეიძლება, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდეს... და დაუმორჩილებლობაც დაიწყო.
ერთი წელიც არ გასულა, რაც ამერიკელებმა თანდათანობით გააცნობიერეს, როგორ არასახარბიელო იზოლაციაში მოექცნენ. „მიზეზი - გლობალიზაციის მართვისას დასავლეთის შეცდომების გამო დაგროვილი სერიოზული წყენაა, ბრაზია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ დაგროვდა“, - წუხს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დევიდ მილიბენდი Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მარტივად რომ ითქვას, შტატები და მათი რამდენიმე ვასალი ბოლო ოცდაათი წელიწადი ძარცვავდნენ გლობალურ სამხრეთს. მათი წამოწყებული ბოლო წლების მსოფლიო ეკონომიკური perestroika ნიშნავდა ამ ძარცვის ახალ რაუნდს. მსოფლიოს ქვეყნები აჯანყდნენ.
ბატონი მილიბენდი აღიარებს, რომ ეს გლობალური ბუნტი წესებზე დაფუძნებული ამერიკული წესრიგის წალეკვის საფრთხეს შეიცავს, მით უფრო, რომ „რუსეთის მხარდამჭერ ან მის მიმართ ნეიტრალურად განწყობილ ქვეყნებში ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი“.
როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება? მილიბენდი აშშ-ს ურჩევს, მეტი ფული ჩადონ გლობალური სამხრეთის ქვეყნებში და გაატარონ რეფორმა გაეროში.
თუმცა შტატებს იმდენი ფულიც არ აქვს, რომ განვითარებადი ქვეყნები არჩინოს. ამის ნაცვლად მას შეუძლია დათმოს თავისი მონოპოლიური მდგომარეობა, მაგრამ ეს წმინდათა-წმინდაა. ამას უბრძოლველად არავინ დათმობს. ასე რომ, მთელი ეს განსჯა „ეკონომიკურ სოლიდარობაზე“ - არის საუბრები ღარიბების სასარგებლოდ.
მით უფრო, რომ გლობალური სამხრეთის წყენასა და ბრაზს ნაწილობრივ ეკონომიკური სარჩულიც აქვს. ანგლოსაქსები არა მხოლოდ ძარცვავენ სხვა ქვეყნებს, არამედ ცინიკურად მოძღვრავენ გაძარცულებს, როგორ მოიქცნენ სწორად, რა თქვან და როგორ იფიქრონ.
განვითარებად ქვეყნებს დღეს ჰყავთ საშუალო ფენაც, განათლებული ფენაც, ჭკვიანი და ინფორმირებული ახალგაზრდობაც. ამ ადამიანებისთვის, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან რიგითი ბრიტანელისა თუ ამერიკელისგან, მიუღებელია დასავლური თვალთმაქცობა.
თუმცა ბრიტანელ ყოფილ მინისტრს ალბათ არ ესმის, როგორ გამოიყურება გვერდიდან. ყველა ქვეყანას, რომელიც ანგლოსაქსურ დღის წესრიგში არ ეწერება, ის უწოდებს fence-sitters-ს. გადატანით - „ორ სკამზე მჯდომს“. ამ შეურაცხმყოფელ სტილში გრძელდება დისკუსია Foreign Affairs-ში. მილიბენდი ლანძღავს ორ სკამზე მსხდომთ, მისი ოპონენტი, ბრაზილიელი პოლიტოლოგი მატიას სპეკტორი კი იცავს მათ: ისინი დამნაშავენი არ არიან, ცდილობენ ზესახელმწიფოების ბრძოლაში თავი გადაირჩინონ.
ისინი - მილიარდობით ადამიანი, ძველისძველი ქვეყნები არიან, რომლებიც მაშინ არსებობდნენ, როდესაც არათუ აშშ-ის, ინგლისის ხსენებაც კი არ იყო. იქ როგორმე შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც დასავლეთმა ყური უნდა მიუგდოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0