გაირკვა როდის დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები სუდანიდან სამშობლოში

© AP Photo / Marwan Ali
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
სუდანში ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავები, სავარაუდოდ, საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებულია.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ვერ ტოვებდნენ სუდანს, სადაც აპრილის შუა რიცხვებიდან ბრძოლები მიმდინარეობს სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის, ეგვიპტის საზღვარი გადაკვეთეს და ისინი სამშობლოში, სავარუდოდ, 26 აპრილს დაბრუნდებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებოდნენ. დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოქალაქეები ეგვიპტის საზღვართან ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეები ეგვიპტის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან. ისინი უსაფრთხოდ არიან და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ევაკუაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთსა და ეგვიპტეში.
იმავდროულად ქართული ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი თვითმფრინავები, სავარაუდოდ, სუდანში საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებულია.
ბოევიკებმა ბიოლაბორატორია აიღეს: საშიში დაავადებების ნიმუშები საფრთხეშია>>
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია Myway-ს თვითმფრინავი დაიწვა, ავიაკომპანია Geosky-ს თვითმფრინავი კი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0