მოსაზრება: ევროპამ სანქციების ომში გაიმარჯვა და ახლა კაპიტულაციის გზებს ეძებს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2023
გამოწერა
კირილ სტრელნიკოვი
დასავლურ მასმედიაში სულ უფრო აქტიურად ჟონავს ევროპის ქვეყნების ხელისუფალთა პესიმიზმი სანქციების ომის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გააჩაღეს. Financial Times-ს ანონიმურობის პირობით მოსაზრება გაუზიარა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც წუხს, რომ ევროკავშირის ფუნქციონერებს მდიდარი ფანტაზია ამოეწურათ და რუსეთისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მორიგი მცდელობა თავად ევროპელებს დააზარალებს. „ჩვენ დავასრულეთ, – აღნიშნა წყარომ. – თუ კიდევ დავაწესებთ სანქციებს, მათში გამონაკლისი მეტი იქნება, ვიდრე თავად ზომა“.
ანტირუსული სანქციები უკვე ათ პაკეტს მოიცავს, 200 ორგანიზაციასა და 1500 კერძო პირს ეხება. ავტორები სიამაყით აცხადებდნენ, რომ გაყინეს 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსეთის სახელმწიფო აქტივები და 150 მილიარდი ევროთი შეამცირეს ორმხრივი ვაჭრობა ნახშირბადებით, ტექნოლოგიებით, მოწყობილობითა და ელექტრონიკით. რიგშია მე-11 პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი ახლა განიხილავს.
თუმცა ევროჩინოვნიკებს სურდათ კარგი (ევროპისთვის) და გამოვიდა, „როგორც ყოველთვის“.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მოკრძალებული ეჭვები სანქციების მოცულობის გაზრდის აუცილებლობასთან დაკავშირებით ადრეც ისმოდა. მაგალითად, მეათე პაკეტის შემოღების შემდეგ ლიტველმა ევროკომისარმა ვირგინიუს სინკიავიჩუსმა სინანულით აღნიშნა, რომ ვერ ხედავს სფეროებს, სადაც ეს სანქციები რაიმე ახლით უნდა შეივსოს. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა აღიარა, რომ რჩება არც ისე ბევრი შესაძლებლობა ანტირუსული შეზღუდვების გაფართოებისა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი განაცხადა, რომ ევროკავშირს მოსკოვის მიმართ მორიგი სანქციების დაწესების „ნაკლები მადა“ აქვს.
თუმცა არასასურველი წინათგრძნობის კომპენსაციის სახით გაჩნდა „მტკიცე რწმენა იმისა, რომ სანქციების ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება“.
ეს რწმენაც ნელ-ნელა ქრება და განსხვავებული ტექსტები ისმის. მაგალითად, შვედეთის ფინანსთა მინისტრმა ელისაბედ სვანტესონმა განაცხადა, რომ თურმე „ანტირუსული სანქციების ეფექტის გაზომვა ძალიან რთულია“ და რომ რუსეთის ეკონომიკა სტაბილურობასა და ზრდას აჩვენებს.
ევროილუზიების გაქარწყლებას ხელს უწყობს სასტიკი ფიზიკური რეალობა. მიუხედავად ევროჩინოვნიკების საზეიმო განცხადებებისა, რომ „ევროპა შვიდმილიანი ნაბიჯებით მიდიოდა 2027 წლამდე რუსეთისგან სრული ენერგოდამოუკიდებლობისკენ“ და საწვავის საცავები 91 პროცენტით იყო შევსებული, ბაზრის საკვანძო მონაწილეებსა და ექსპერტებს ცოტა განსხვავებული შეხედულება ჩამოუყალიბდათ.
მათი აზრით, რუსეთისგან დამოუკიდებელ ევროპაში მომდევნო ზამთარი „ალბათ გაცილებით ცუდი იქნება“. ეს კი ნიშნავს, რომ იქ უბრალოდ შეხედეს ციფრებს, რომლებიც სიტყვებზე უკეთ მეტყველებს. სანქციების დაწესების შემდეგ ენერგეტიკულმა ინფლაციამ ევროკავშირში მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასები სულ მცირე 35 პროცენტით გაიზარდა. უნგრეთში ინფლაციის დონემ მიაღწია 25,6%-ს, ლატვიაში – 17,2%-ს, ჩეხეთში – 16,5%-ს.
და ამას საზღვარი არ უჩანს.
ვითარების გამოსასწორებლად ევროკავშირმა ყველაზე ხელშეუხებელ სფეროსაც შეუტია: მწვანე ენერგეტიკასა და გრეტა ტუნბერგს. უცებ დაივიწყეს ქარისა და მზის ბატარეების სიკეთეები და სიხარულით დაუჭირეს მხარი ახალი ნავთობის ჭაბურღილების გაჭრასა და ნახშირის ენერგოგენერაციის გაზრდას. ანალიტიკური დეპარტამენტის Rystad Energy-ის ხელმძღვანელმა კარლოს ტორეს დიასმა მოკლედ თქვა: „ევროპული ენერგოგადასვლა შეჩერებულია“.
სწორედ ამიტომ არავის გაუკრიტიკებია ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ ვერ მივიღებთ სანქციებს ატომურ ენერგეტიკაში რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს გავლენას მოახდენს უშუალოდ ჩვენს ბირთვულ ენერგეტიკაზე. <...> თუ საჭირო გახდება, ვეტოს დავადებთ“.
TotalEnergies SE-ს ხელმძღვანელი პატრიკ პუიანე კიდევ უფრო ლაკონიური იყო: „იდეა, რომ ევროპამ მოაგვარა (რუსეთზე) ენერგოდამოკიდებულების პრობლემა – სიცრუეა. ევროპისთვის მეტი გაზის მიღების ერთადერთი ვარიანტია – მეტის გადახდა“.
მაგრამ, როგორც ცნობილია, ევროპელებს გადახდა არ უყვართ და მათ არასაიმედო დასკვნა გამოიტანეს, რომ სანქციების გაზრდა ნიშნავს დაცლილ საფულეს. სწორედ ამიტომ სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს მხოლოდ უკვე დაწესებული ზომების შემოვლის გზებთან ბრძოლას და ორგანიზაციებისა და კერძო პირების სიის მცირედით შევსებას.
ნათელია, რომ ევროკავშირი მწარედ შეცდა და ახლა ამზადებს ნიადაგს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, რომლის გაქრობაც ევროპის რუკიდან სანქციების სიით შეუძლებელია.
ევროპამ დაივიწყა, რომ რუსეთს ტკივილის უკეთ ატანა შეუძლია, ვიდრე ვინმე სხვას დედამიწაზე. ვიღაც ისტორიას ცუდად სწავლობდა და ახლა შედეგებს იმკის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე

ყველა ახალი ამბავი
0