19 აპრილიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები იწყება
13:22 19.04.2023 (განახლებულია: 19:08 19.04.2023)
© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი წერეთლის გამზირზე
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია იწყება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო 19 აპრილის 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წერეთლის გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება 152 მეტრი სიგრძის ე.წ. დიდუბის ხიდის სრული განახლება, რომელიც 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. ხიდის განახლება 6 თვეში უნდა დასრულდეს, წერეთლის გამზირის კი – 2024 წლის იანვრამდე.
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი
ტრანსპორტის მოძრაობა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.
რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თუმცა თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.
ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით.
საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით; ასევე დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით ან რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით წერეთლის გამზირის მიმართულებით.
სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ გოგოლაურის ქუჩის გავლით წერეთლის გამზირის მიმართულებით.
წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით როგორც მირცხულავას, ისე სამტრედიის ქუჩების გამოყენებით წერეთლის გამზირის მიმართულებით.
საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ისე მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.
აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები იმოძრავებენ ალტერნატიული გზით – მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით.
გიორგი ცაბაძის ქუჩიდან წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი.
როგორც მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.