რა ემართებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში: ოთხი უმძიმესი მდგომარეობა და რჩევები მშობლებს

© Pixabay / 6995126
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2023
გამოწერა
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი, რასაც ხშირად გარდატეხის ასაკსაც ვუწოდებთ, და რომლის დროსაც ბავშვი ემოციურ რყევებს და ფიზიკურ ცვლილებებს განიცდის, შეიძლება უკიდურესად დამაბნეველი გამოდგეს ბავშვისთვის და ის ირაციონალურ ქმედებებამდე მიიყვანოს, აცხადებენ ფსიქოლოგები.
სხვა საინტერესო რჩევები, რომლებსაც ფსიქოლოგები თუ ექიმები აძლევენ მშობლებს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
მათი თქმით, მოზარდების მშობლები აუცილებლად უნდა შეეცადონ გაერკვნენ, რას გრძნობენ შვილები ასეთ დროს, რათა მათ სახიფათო ასაკის მსუბუქად გავლაში დაეხმარონ.
ფსიქოლოგების განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები, რომლებიც ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის პერიოდში ხდება, ასე გამოიყურება:

იდენტობის ძიება

გარდატეხის ასაკში ბავშვს უჭირს იმის გაგება, ვინ არის სინამდვილეში — ზრდასრული თუ ბავშვი. ამიტომ ამ დროს:
ის ცდილობს გაერკვეს, როგორაა მოწყობილი უფროსების სამყარო და როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა ვითარებაში;
თუ მას ბავშვივით მოექცევით, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, ხოლო თუ უფროსივით მოექცევით და შესაბამის ქცევას მოსთხოვთ, მაშინ შეიძლება ჩათვალოს, რომ ზღუდავთ და უარი თქვას გარკვეული მოთხოვნების შესრულებაზე, წესების დაცვაზე;
საკუთარი თავის ძიების პროცესში ბავშვი სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს თავზე, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ უმკლავდება. ეს პუბერტატის პერიოდის ყველაზე გავრცელებული სოციალური ცვლილებაა.
რჩევა მშობლებს
მოექეცით შვილს როგორც პიროვნებას, რომელიც ზრდასრულისა და ბავშვის თვისებებს აერთიანებს. აგრძნობინეთ მას საკმარისი სიყვარული და ყურადღება, რომელიც ყველა ბავშვს სჭირდება, მაგრამ ამავდროულად მიეცით მეტი დამოუკიდებლობა და ატვირთებინეთ მეტი პასუხისმგებლობა.

თვითშეფასების პრობლემა

პუბერტატის პერიოდში ბავშვი ბევრ ახალ მეგობარს იძენს და საკუთარ თავს მის ცხოვრებაში გაჩენილ ახალ ადამიანებს ადარებს. ამ დროს:
ამ პერიოდში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი ხასიათის სიძლიერე მეგობრებისა და თანატოლების თანდასწრებით წარმოაჩინოს;
არეული ფიქრები და სხეულის ცვლილებები მოზარდს აიძულებს, ეჭვი შეეპაროს თავში და საკუთარი „მეს“ შესახებ ნეგატიური მოსაზრებები ჩამოუყალიბდეს;
ახალი ვალდებულებები და ცვლილებები მას აბნევს, რის გამოც უჩნდება კითხვები საკუთარ თავთან: შეუძლია თუ არა სწორი გადაწყვეტილებების მიღება და აქვს თუ არა საკმარისად ძლიერი ხასიათი.
რჩევა მშობლებს
დარწმუნდით, რომ ბავშვს მართლაც ყველა საქმეში უჭერთ მხარს — არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მოქმედებებითაც.
აჩვენეთ შვილს, რომ გჯერათ მისი ძალებისა და ყოველთვის დაეხმარებით, თუ დასჭირდება. გააგებინეთ, რომ გიყვართ და ენდობით მას ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს.

საშიში ქცევის რისკი

გარდატეხის ასაკში ბავშვი ბევრ ცვლილებას განიცდის და ეს კონფლიქტებს იწვევს. მოზარდი ყოველთვის გაუწევს წინააღმდეგებას წესებს, რათა დამოუკიდებლობა განიმტკიცოს.
თავისუფლების მოთხოვნილებამ და სურვილმა, დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ უკვე გაიზარდა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვზე;
მოზარდებს მუდმივად სჭირდებათ ახალი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ თქვენი შვილი ცუდ კომპანიაში მოხვდეს — მისი ახალი მეგობრები, შესაძლოა, სულაც არ იყვნენ სამაგალითოები და მისაბაძები;
მოზარდები ამ პერიოდში ახალი გამოცდილებების მიღებას ცდილობენ, რომლებიც მოწევასთან, ალკოჰოლთან და სექსუალურ „თავგადასავლებთანაა“ დაკავშირებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შვილთან უკვე არაერთხელ გაქვთ განხილული ეს თემები, მაინც არის შანსი იმისა, რომ ის მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცეს. საჭიროა უკიდურესი სიფრთხილე, რომ ეს არ მოხდეს.
რჩევა მშობლებს
ნუ წაუკითხავთ ბავშვს ნოტაციებს მეგობრების თანდასწრებით, ეს მას აიძულებს კიდევ უფრო დაარღვიოს წესები.
თუ შვილის კომპანია არ მოგწონთ, ესაუბრეთ ამაზე მშვიდად, მორალის წაკითხვის გარეშე.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს შვილს ახალი მეგობრებისგან საფრთხე ემუქრება, ან შეიძლება მათი გავლენით მოსაწევსა თუ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდეს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

დეპრესია და ფიქრები თვითმკვლელობაზე

გარდატეხის ასაკში ბავშვს შესაძლოა სხვადასხვა ხარისხისა და სიმძიმის დეპრესია დაეწყოს. ბევრი მათანი ამ დეპრესიების, სულიერი რყევების მართვას დამოუკიდებლად ახერებს, თუ ოჯახისა და მეგობრებისგან სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს. მაგრამ ზოგიერთი მოზარდი მძიმე დეპრესიას განიცდის და პროფესიონალის დახმარება სჭირდება.
მოზარდმა შესაძლოა უმცირესი საბაბით იგრძნოს თავი უბედურად, თუმცა ხშირად არც ესმის, რა ხდის მას უბედურს. ამასთან არ იცის, როგორ მოიშოროს ეს გრძნობა;
გარდატეხის ასაკი — ეს მხოლოდ ფიზიკური და ფსიქიკური ცვლილებების დრო კი არ არის, არამედ ასევე მნიშვნელოვანი პერიოდია სწავლა-განათლების კუთხითაც. ეს კი ხშირად დამატებითი სტრესის მიზეზი ხდება და, გამორიცხული არ არის, დეპრესიამდე მიიყვანოს ბავშვი;
ამ ასაკში ბავში ბევრ სიახლეს ეჯახება, ბევრ ახალ ადამიანს ხვდება, აქტიურად კონტაქტობს საწინააღმდეგო სქესთან, განიცდის სექსუალურ ლტოლვას, ცდილობს შეიქმნას და გაიმყაროს კარგი იმიჯი... ეს და კიდევ სხვა ბევრი რამ სტრესებს იწვევს მასში;
რჩევა მშობლებს
დეპრესიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: უმიზეზო სევდა, უსარგებლობის განცდა, დაბალი თვითშეფასება, იმ აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა, რომლებიც მანამდე მოსწონდა, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის თავის არიდება, სწავლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, სკოლაში სიარულზე უარის თქმა...
თუ შვილს ჩამოთვლილიდან რომელიმე სიმპტომს შენიშნავთ, დაელაპარაკეთ, ჰკითხეთ, რას გრძნობს. აჩვენეთ, რომ მისი გრძნობები თქვენთვის ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ გაკიცხავთ. უამბეთ, რა ხდებოდა თქვენს თავს მოზარდობისას, გაუზიარეთ, როგორ გაუმკლავდით მაშინ გრძნობებს.
თუ ასეთმა გულისხმიერმა საუბრებმა არ გაჭრა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. დეპრესია სახიფათო მდგომარეობაა და მასზე რეაგირება დაუყოვნებლივაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0