მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა მოხდება, უცნობია: წყნარი ოკეანის ნაგვის დიდ ლაქაში საკუთარი ეკოსისტემა ყალიბდება

© AP Photo / Scripps Institution of Oceanography, Mario Aguilera
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. წყნარ ოკეანეში არსებული „ნაგვის დიდი ლაქა“ — პლასტმასის ნარჩენების გიგანტური გროვა ცალკე ეკოსისტემის წარმოქმნას იწყებს, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
ეკოლოგებმა იქ მცენარეთა და ცხოველთა ათობით სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც პლასტმასზე დასახლდნენ და გამრავლება დაიწყეს.
„წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი ლაქა“ (Great Pacific Garbage Patch) — ეს დაახლოებით 1,5 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობია კალიფორნიის სანაპიროსა და ჰავაის კუნძულებს შორის. ოკეანის დინებებს იქ წლების განმავლობაში შეაქვს მცურავი ნაგავი — უპირველეს ყოვლისა, პლასტმასის ნარჩენები. სავარაუდოდ, ამ დროისათვის ლაქა დაახლოებით 100 ათას ტონა ნაგავს შეიცავს.
როგორც მეცნიერთა კვლევაშია ნათქვამი, პლასტმასის ნარჩენების ზედაპირზე აღმოჩენილია 40-ზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი, წყალმცენარეები, პლანქტონი და ზღვის წვრილი ცხოველები (როგორიცაა პოლიპები და კიბორჩხალები).
ამასთან მათი უმეტესობა იმ სახეობებს განეკუთვნება, რომლებიც, როგორც წესი, სანაპირო ზოლში ბინადრობენ. მკვლევარები არ ელოდნენ, რომ მათ სანაპიროდან ესოდენ შორს გადააწყდებოდნენ.
სტატიის ერთ-ერთი ავტორის, ეკოლოგ ლინსი ჰარამის თქმით, ლაქაში ზღვისპირა სახეობები ღრმაწყლოვან სახეობებთან თანაარსებობენ.

„სავარაუდოდ, ისინი კონკურენციას უწევენ ერთმანეთს სივრცისა და საკვები რესურსებისთვის. ორივე სახეობა ეჩვევა მათთვის ახალ საკვებს. რას მოიტანს ეს მომავალში, უცნობია“, — აღნიშნა ჰარამმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ნაგვის ლაქაში“ ახალი ტიპის ბიოლოგიური გარემო ფორმირდება.
არსებული მონაცემებით, კაცობრიობა ყოველწლიურად დაახლოებით 400 მილიონ ტონა პლასტმასის ნარჩენს აწარმოებს, საიდანაც, სხვადასხვა შეფასებით, 9-14 მილიონი ტონა ოკეანეში ხვდება.
პლასტმასის მიკრონაწილაკები ასევე ხვდება სასმელ წყალში და საკვებში. სამი წლის წინ მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ადამიანი კვირაში საშუალოდ ერთ პლასტიკურ საბანკო ბარათს „ჭამს“. 2022 წლის მარტში კი პლასტმასის მიკრონაწილაკები პირველად აღმოაჩინეს ადამიანის სისხლშიც.
წყარო: CNN
ყველა ახალი ამბავი
0