მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინელი ჯადოქარი რუსი ალქაჯების სასარგებლოდ შპიონაჟში დაადანაშაულეს

© photo: Sputnik / Konstantin Mihalchevsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. უკრაინის ნიკოლაევის ოლქის მცხოვრები ვასილი რომანიშინი, რომელიც თავს ჯადოქრად მიიჩნევს, რუსეთის „უძლიერესი ალქაჯების იმპერიის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, იუწყება BBC-ს უკრაინულენოვანი საიტი.
ქვეყნის უშიშროების სამსახურის ცნობით, რომანიშინი აგროვებდა მონაცემებს ნიკოლაევის თავდაცვის შესახებ და მათ რუსეთის სპეცსამსახურებს — უშიშროების ფედერალურ სამსახურსა და სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს გადასცემდა „უძლიერესი ალქაჯების იმპერიის“ მეშვეობით.
უკრაინული კონტრდაზვერვის ცნობით, „იმპერია“ გადაბირების ცენტრია, რომელიც 2015 წელს დააარსა ალიონა პოლინამ. ეს უკანასკნელი თავს შთამომავლობით ალქაჯად მიიჩნევს და რამდენჯერმე ალქაჯთა შეხვედრაც მოაწყო „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგის ასამაღლებლად“.
გარდა ამისა, ალიონა პოლინა ასევე მართავდა ალქაჯთა კონგრესებს, რაშიც, უკრაინის სპეცსამსახურების მტკიცებით, მას მხარს მოსკოვის მერია და სახელმწიფო დუმის დეპუტატები უჭერდნენ.
როგორც უკრაინელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ „ალქაჯთა იმპერიამ“ მოუწოდა საზღვარგარეთ მყოფ თავის წევრებს, დახმარებოდნენ რუსეთის ჯარებსა და საგარეო დაზვერვის სამსახურს. სწორედ ამ მოწოდების გავლენით დაიწყო რომანიშინმა სადაზვერვო მონაცემების შეგროვება და გადაცემა.
როგორც გამოძიება ირწმუნება, რომანიშინმა „იმპერიასთან“ მიერთებამდე „ინიციაცია“ გაიარა, რაც „ნოვოროსიის შექმნის იდეისადმი“ ერთგულების შემოწმებას გულისხმობდა.
გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ რომანიშინმა მოიწონა ალიონა პოლინას პოსტი პუტინის მხარდამჭერი რიტუალის შესახებ, რის გამოც ის რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გასამართლებელი მასალების გავრცელებაში დაადანაშაულეს.
რომანიშინის ადვოკატი, რომელიც თავის კლიენტს „ადგილობრივ გიჟს“ უწოდებს, ამტკიცებს, რომ ლაიქები არ შეიძლება ჩაითვალოს „მასალების გავრცელებად“, ხოლო Google-თეგები, რომლებიც რომანიშინმა ნამდვილად დაგზავნა, სინამდვილეში არავის მიუღია.
გავრცელებული ცნობით, „ჯადოქარ“ ვასილი რომანიშინს, რომელიც უკვე სამი თვეა დაპატიმრებულია, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
წყარო: BBC News Ukraina
ყველა ახალი ამბავი
0