დედაქალაქის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება

© courtesy of Tbilservice Groupგზის მორეცხვის სამუშაოები
გზის მორეცხვის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს – 24 აპრილიდან დედაქალაქის 100-ზე მეტი ქუჩა სპეციალური ტექნიკით დასუფთავდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დასუფთავების სამუშაოები განხორციელდება როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში. მთელი ზაფხულის განმავლობაში ქუჩების დასუფთავება სპეციალური ტექნიკით ყოველდღიურად 24:00-07:30 საათამდე პერიოდში გაგრძელდება. გამონაკლისი წვიმიანი დღეები იქნება.

„ორშაბათიდან კარგი ამინდია და შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება, რაც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას და დასუფთავებას. ამას სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში", – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა პროექტის მომზადება და იმის დაანგარიშება, რა რაოდენობის ტექნიკა იქნება საჭირო ქუჩების დასუფთავებისთვის, რათა სამუშაოები 24 აპრილიდან დაიწყოს.
საჭიროების შემთხვევაში მერიას შეუძლია გამოიყენოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ტექნიკა იმისთვის, რათა რაც შეიძლება მეტი ქუჩა დასუფთავდეს.
„მსგავსი ღონისძიებები გვქონდა წინა წლებშიც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „თბილსერვის ჯგუფს“ არ გააჩნდა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რათა ქუჩების მორეცხვის პროცესს ფართომასშტაბიანი და სისტემატური ხასიათი მიეღო“, – განაცხადა ბასილაიამ.
ჩვენ უკვე შევიძინეთ საჭირო ტექნიკა და მზად ვართ დასუფთავების სამუშაოების დასაწყებად, დასძინა მან.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის დავით ფაჩულიას განცხადებით, ახლადშეძენილი ტექნიკის მეშვეობით მოირეცხება და დასუფთავდება არა მარტო ქუჩები, არამედ პანდუსები, ხიდები და გვირაბები.
„წელს, შარშანდელთან შედარებით, კარგი მდგომარეობა გვაქვს. დაახლოებით 15 ერთეული სპეცტექნიკა შევიძინეთ და, შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულს 20 ერთეული გამართული სპეცტექნიკით ვხვდებით", – განაცხადა ფაჩულიამ.
დასუფთავების სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მერია მას შემდეგ გაავრცელებს, რც „თბილსერვის ჯგუფი“ პროექტის განხორციელებას დაიწყებს.
ყველა ახალი ამბავი
0