სუდანში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე რჩება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2023
გამოწერა
სუდანში ჯარსა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ბრძოლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, დაახლოებით 30 ადამიანი, იმყოფებიან სუდანში, სადაც მიმდინარეობს შეტაკებები სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
სუდანში მიმდინარეობს ბრძოლები რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის. შეტაკებები დაიწყო გასულ შაბათს დილით, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს განათავსა თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe), სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
„ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან“, – აღნიშნა ხვთისიაშვილმა.
ბრძოლები სუდანში: საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამემამულეებთან კავშირზეა >>
მისი თქმით, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ყველა ქართველი უსაფრთხოდ არის.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, სუდანში მყოფი საქართველოს 20-მდე მოქალაქე ქართული ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კავშირზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათ ოჯახებთან.
საბრძოლო შეტაკებები არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სუდანის სხვა პროვინციებშიც მიმდინარეობს. სუდანის ექიმების ცენტრალურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ 13 აპრილიდან სუდანში შეტაკებების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა და 942 დაშავდა.

სუდანში კონფლიქტის მიზეზი

2019 წელს დღევანდელმა მოწინააღმდეგეებმა ერთიანი ძალებით დაამხეს ქვეყნის დიდი ხნის პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი. რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარისო სტრუქტურების ხელმძღვანელობა დათანხმდა გარდამავალ პერიოდში ძალაუფლების სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაცემაზე. თუმცა, ამ დროისთვის ქვეყანაში ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლების ხელში არ გადასულა.
სუდანის წამყვანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ, „ძალები თავისუფლებისა და ცვლილებისთვის“, გასულ კვირას გამოაცხადა, რომ სუდანში გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა გადაიდო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელმოწერის გადადების მიზეზი გახდა წინააღმდეგობები არმიასა, რომელსაც აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ხელმძღვანელობს და სწრაფი რეაგირების ძალების გასამხედროებულ ქვედანაყოფებს შორის, რომელთა სათავეში დგას მუჰამედ დაგლო.
უთანხმოება უმაღლესი რანგის ოფიცრებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს მის დამხობამდე, შეიარაღებული ძალების რიგებში სპეცდანიშნულების რაზმის ინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება. შეთანხმების ხელმოწერამდე მიმდინარე მსჯელობაში ეს ყველაზე საკამათო საკითხია.
სუდანის არმიის სარდალმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან უარი თქვა მათთან მოლაპარაკებაზე და დაადანაშაულა ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0