ამბავი აღდგომის ღამით დახოცილი 6 ათასი ბერისა, ანუ ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა

© Pixabay / jclk8888
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
გამოწერა
მტერი არასოდეს აკლდა ჩვენ ქვეყანას. ყველა დამპყრობელს სურდა, ამოეძირკვა და გაექრო ქართველთა სახსენებელი. განსაკუთრებით დიდი განსაცდელი ეკლესიამ გამოიარა. მომხდური განსაკუთრებულ სისასტიკეს სწორედ სარწმუნოების მსახურთა მიმართ იჩენდა, რადგან კარგად უწყოდა, რომ ქვეყნის სიძლიერის საფუძველთა საფუძველი სწორედ სარწმუნოება გახლდათ.

ქვემოთ რამდენიმე ამბავს გიამბობთ საქართველოს ისტორიიდან, ვინძლო, გაკვეთილად გამოდგეს...

გარეჯელი ბერები

დავითგარეჯას მონასტერს ყველაზე დიდი განსაცდელი 1616 წელს დაატყდა თავს, როცა შაჰ-აბასის ურდოებმა კახეთი იავარჰყვეს, ლამის ფუძეში მოთხარეს, სისხლის მდინარეები დააყენეს...

ლაშქრობით კმაყოფილ ირანის ლომს ნადირობა მოესურვებინა ყარაიის ველზე, გარეჯის ახლოს. იქვე დაუღამდა და ბანაკის დაცემა ბრძანა. შუაღამისას კარვიდან გამოვიდა შაჰი, ბანაკს თვალი მოავლოა და შორს, ცის დასალიერზე უცნაურად მოციმციმე ვარსკვლავები დალანდა. მხლებელნი იხმო, მაგრამ ვერავინ აუხსნა ვარსკვლავთა უცხო კიაფი.
მერე მიეახლა რომელიღაც სულგაყიდული ქართველი და ჩაუსისინა – ირანის მზეო, იმ მთაზე დავით-გარეჯის სავანეებია და ბერმონაზვნები უფლის აღდგომას ზეიმობენ კელაპტრებითა და სანთლებით ხელში, სწორედ მათი შუქი ციაგებსო.

რისხვით აღივსო შაჰ-აბასი, ახლავე გასწით და ყათლამი (სიკვდილი) შეჰყარეთ შეშისმსახურ ჯიუტ გურჯებსო. ჯვრის გამო ეძახდა ქრისტიანებს შეშისმსახურებს სპარსეთის მბრძანებელი.

და ყიზილბაშთა ათასეული მყის დავით-გარეჯისკენ დაიძრა.

ამბობენ, სწორედ იმ დროს მონასტერში ღირსი მამა არსენი წირვას აღავლენდაო მონასტერში. წინამძღვარს გარეჯელი ბერებისთვის ეცნობებინა, გამოცხადება მქონდა წუხელ, ანგელოზმა მაუწყა, რომ უფალი ზეციურ სავანეში მოგვიწოდებსო და ლოცვად დამდგარიყო სულიერი საძმო...

საოცარ სურათს შეესწრნენ გარეჯას მისული სპარსი მეომრები. სანთლებით აბრდღვიალებულ ღამეში მშვიდად ლიტანიობდა აღსასრულისთვის გამზადებული ექვსი ათასამდე შაოსანი ბერი.

ვინც ქრისტეს უარყოფს, სიცოცხლეს შევუნარჩუნებთო, მჭახედ მიუგდო ყიზილბაშთა წინამძღოლმა მლოცველებს. მაგრამ ერთადერთი, რაც მამა არსენმა ითხოვა, ის იყო, ზიარება გვადროვეო სიკვდილის წინ. სხვა არცერთი სიტყვა, არცერთი სათხოვარი, მხოლოდ გალობა „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი...“

იმ ღამეს გარეჯის მთიდან ექვსი ათასი ბერი ამაღლდა ზეცად.

ხმაი ვაებისა და ოხრებისა ქვათახევში

ეს ამბავი თემურ-ლენგის საქართველოში მეექსვე ლაშქრობის დროს მოხდა, 1400 წლის გაზაფხულზე.

მტრის ურიცხვა ჯარმა სამხრეთ საქართველო მოაოხრა და მდინარე კავთურას სათავესთან მდებარე ქვათახევის მონასტერს მიადგა, სადაც, ბერების გარდა, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შეეფარებინა თავი.

მონღოლებმა მონასტრის კარი შეამტვრიეს, პირწმინდად მოარბიეს და გაძარცვეს იქაურობა, საეკლესიო სიწმინდეები დაიტაცეს, ბერების გაშენებული ხეხილის ბაღი გაჩეხეს, ეკლესიას თავშეფრებული მოხუცები მახვილით აკაფეს, ხოლო ახალგაზრდები გათოკეს და ტყვედ წასაყვანად გაამზადეს.

მერე ბერ-მონაზვნები გამოყარეს ტაძრიდან, ტანთ „სამეჩანგო შესასხმელნი“ აასხეს, ეჟვნები დაჰკიდეს და მახვილთა ცემით დააწყებინეს მონასტრის ეზოში სირბილი. მერე სჯულის გამოცვლა მოსთხოვეს ყველას, თორემ ცეცხლში ამოგბუგავთო, დაემუქრნენ. ვინც ქრისტეს სჯული დააგდო, თან წაიყვანეს, დანარჩენები კი, ბერებიცა და ტყვეებიც, ტაძარში გამოკეტეს მტარვალებმა და ცეცხლს მისცეს იქაურობა...

ხმაი ვაებისა და ოხრებისა, ვითარცა ქუხილი ცისა ისმოდაო, წერს ანტონ კათალიკოსი.

როგორც იქნა, ჩანავლდა ცეცხლი, მონღოლებიც აიყარნენ და წავიდნენ. თვალს რომ მიეფარნენ, ტყიდან ნელ-ნელა გამოვიდნენ, ვისაც სისხლისღვრისთვის თავის გარიდება მოესწრო და შიშით მიუახლოვდნენ ტაძრის ნანგრევებს. ნაცრიდან მოწამეთა ძვლები ამოკრიბეს, ტაძარი გაწმინდეს და თვალწინ საოცარი სახილველი გადაეშალათ: ეკლესიის იატაკზე ცოცხლად დამწვარი ადამიანების სხეულები აღბეჭდილიყო სამუდამოდ ეს კვალი დღემდე აჩნია ქვებს.

შაჰ-თამაზი ვარძიაში

1551 წელს შაჰ-თამაზ I მიადგა ვარძიას. მსტოვრებმა მბრძანებელს მოახსენეს, ვარძიის ციხეში მესხი თავადები არიან ოჯახებით თავშეფარებულიო. შაჰმა ბედირ-ხან უსთაჯლუ, შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი ყაჯარი და ალი-სულთან თაქალუ წარგზავნა ციხის შესამუსრად.

ყიზილბაშებმა, მიუხედავად გააფთრებული იერიშისა და დიდი მსხვერპლის გაღებისა, მაინც ვერ შეძლეს ქვაბთა ქალაქში შეჭრა. ბრძოლის დასასრულს თავად შაჰი მისულა ვარძიის სანახავად. მისი ბრძანებით ტყვედ ჩაგდებული ბერები ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ უმოწყალოდ ამოხოცეს. მთლიანობაში ვარძიას შეფარებული 3 ათასზე მეტი ქართველი შეეწირა სპარსელების მახვილს.

ყიზილბაშებმა მონასტრიდან დიდძალი სიმდიდრე წაიღეს. ძვირფასი თვლებით შემკული ხატები დაიტაცეს, თვლები ამოყარეს, ხოლო ხატები ცეცხლს მისცეს.
ყიზილბაშები მთასა და ველს მოედვნენ და ყოველი მთა და ფერდობი, სადაც ხალხის თავშესაფარი იყო, მიწასთან გაასწორეს. ვერცერთმა ქრისტიანმა ვერ გააღწია ბრძოლის ველიდან ცოცხალმა. დახოცილთა ცოლ-შვილი და ქონება მკვლელებს გადაეცათ, როგორც კანონიერ მემკვიდრეთ, ხოლო ფერიებივით ქართველი ქალები ტყვედ წაასხეს სპარსეთს.

ჰასან-ბეგ რუმლუ, ირანელი ისტორიკოსი, რომელიც ბავშვობიდანვე თან ახლდა თამაზ I-ს ლაშქრობებში „აჰსან ალ-თავარიხში“ წერს:
· „ძლევამოსილი ლაშქარი შემომქმედის შემწეობით ციხეზე ავიდა. ისლამის სარწმუნოებისათვის თავდადების იარაღი და საღვთო ომის მახვილი ალესეს და დახოცეს ურწმუნონი, ხოლო მათი ცოლები და შვილები დაატყვევეს. რჯულის მფარველი შაჰი დიდებულ ამირებთან ერთად ეკლესიაში მივიდა. ოცი ცუდბუნებოვანი, საზიზღარი, მუდამ დაუბანელი მღვდელი მოკლეს იქ. ზარი, რომელიც სამოცდაათ მანს იწონიდა და შვიდგზის იყო ჩამოსხმული, დაამსხვრიეს, როგორც დაიმსხვრა გურჯების სიცოცხლის ჭურჭელი“.

შიო-მღვიმელის გამოცხადება

ყიზლბაშთა მახვილს ვერც შიომღვიმის მონასტერი გადაურჩა. გადმოცემით ცნობილია, რომ შაჰ-აბასის მხედრებს ტაძრიდან წმინდა შიოს ძვლები წაუღიათ თან...

იმ წელს სპარსეთში საშინელი ჭირი გაჩენილა და უამრავი ადამიანი დაღუპულა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი წვიმა არ ღირსებია ყიზილბაშთა ქვეყანას და გაუსაძლისი გვალვა მდგარა.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ წმინდა ნაწილების გამტაცებელ ერთ-ერთ სპარსს ნეტარი მამა შიო არ გამოეცხადა – ვიდრე ჩემ ძვლებს საქართველოში არ დააბრუნებ, თქვენ ქვეყანას არაფერი ეშველებაო.

შეშინებიათ სპარსელებს და გადაუწყვეტიათ, სასწრაფოდ უკან ჩამოეტანათ ძვლები.

ამბობენ, შაჰ-აბასის ყურამდე მივიდა ეს ამბავი და ირანის მბრძანებელმა წმინდა შიოს ძვლებისთვის ოქროს ლუსკუმაც კი დაამზადებინა, რითიც ჩამოაბრძანეს კიდეც მონასტერშიო.
ყველა ახალი ამბავი
0