ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
ეთიკის კოდექსის თანახმად, სუბიექტები იღებენ ვალდებულებას – იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პატივი სცენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატისა და ამომრჩევლის უფლებებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის და იმ საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, სადაც 29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ეთიკის კოდექსი არეგულირებს საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისა და დამკვირვებლების ქცევის საკითხებს საარჩევნო პერიოდში.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს: კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
არჩევნები-2023: საუბნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა>>>
საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა არჩევნებზე გრძელდება.
საქართველოში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს 164 უბანზე გაიმართება. კონკრეტული რაიონების მოსახლეობა აირჩევს საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს და ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მერებს.
არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.
ყველა ახალი ამბავი
0