თბილისში აზერბაიჯანელი მხატვრის ჩინგიზ ფარზალიევის გამოფენა გაიხსნა
22:57 13.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023)
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaჩინგიზ ფარზალიევის გამოფენა
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
გამოწერა
მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე მხატვრის გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ნამუშევრები, რომელთა შექმნა 1960-იანი წლებიდან დაიწყო.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ჩინგიზ ფარზალიევის პერსონალური გამოფენა - „დროის საფეხურებზე“, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრეს-სამსახური.
გამოფენა 10 მაისამდე გასტანს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი მდიდარი კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი. ჩინგიზ ფარზალიევის ხელოვნება ცნობილია შთამბეჭდავი პეიზაჟებით, ნატურმორტებითა და ნამუშევართა ფილოსოფიური შინაარსით.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaჩინგიზ ფარზალიევის გამოფენა
ჩინგიზ ფარზალიევის გამოფენა
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
„გამოფენა „დროის საფეხურებზე“ უნიკალური შესაძლებლობაა, მხატვართან ერთად ხელახლა განვვლოთ მისი შემოქმედების სამოცწლიანი გზა. ეს საგამოფენო პროექტი ხელოვანის თავისებური აღსარებაა. ქრონოლოგიური პრინციპით აგებული ექსპოზიცია თითქოს ახმოვანებს მის ნაფიქრ-ნააზრევს XX საუკუნის 60-იან, 70-იან, 80-იან, 90-იან წლებსა და ახალი მილენიუმის დასაწყისში და გამოხატავს მხატვრის შინაგან განცდებს“, – აღნიშნეს სამინისტროში.
გამოფენის გახსნამდე ჩინგიზ ფარზალიევმა ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გამართა. მხატვარმა ისაუბრა თავისი შემოქმედებისა და წარმოდგენილი ექსპოზიციის შესახებ. მან თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას.
გამოფენისათვის გამოიცა ამავე სახელწოდების კატალოგიც. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, 2010 წლიდან - აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი.
გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე არაერთი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ ჯილდოს მფლობელია. ის არის კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საინფორმაციო-ბიოგრაფიული ცენტრისა და ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის საპატიო პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი.
მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა ჰანოვერის ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მოღვაწის წოდება. ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის ხელოვანი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.