თბილისში მიუსაფარ ცხოველებს დაითვლიან

© photo: Sputnik / Stringerძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
დედაქალაქში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ბოლო კვლევა 2015 წელს ჩატარდა.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დათვლა ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს, განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად 2022 წლის ნოემბრიდან მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხებს დაარეგულირებს.

„სამწუხაროდ, ბოლო კვლევა 2015 წელს ჩატარდა. ამ მონაცემებით, თბილისში 43 ათასი უსახლკარო ცხოველია. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახალი მონაცემები უნდა მოვამზადოთ. ახალი კვლევა, ალბათ, ზაფხულის ბოლომდე იქნება მზად“, – განაცხადა კობიაშვილმა.

კვლევა დაადგენს არა მხოლოდ უსახლკარო ცხოველების რაოდენობას, არამედ ამ კუთხით ყველაზე „ცხელ წერტილებს“ და ცხოველების ძირითად დაავადებებს.
სააგენტოს დირექტორის თქმით, სააგენტო გეგმავს ცხოველების მუნიციპალური თავშესაფრის გაფართოებას, რომელიც დღეს 124 ადგილზეა გათვლილი.
„ჩვენ ვიღებთ ცხოველებს, ვახორციელებთ მათ კასტრაციას, სტერილიზაციას და შემდეგ ვაბრუნებთ იქ, საიდანაც მოიყვანეს, ურბანულ გარემოში. ვგეგმავთ ვოლიერების რაოდენობის გაზრდას, საოპერაციო კაბინეტების დამატებას“, – განაცხადა კობიაშვილმა.
ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაცია აუცილებელია არა მხოლოდ მათი რაოდენობის გასაკონტროლებლად, არამედ იმისთვის, რომ ისინი ნაკლებად აგრესიულები გახდნენ, აღნიშნა მან.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა თავისთავად არ გაჩენილა, ამიტომ დიდი მუშაობაა საჭირო იმ ცხოველების მეპატრონეებთან, რომლებიც შინაურ ცხოველებს ქუჩაში ტოვებენ, აღნიშნა კობიაშვილმა. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იგეგმება შინაური ცხოველების სავალდებულო რეგისტრაციის შემოღება.

„ველოდებით, როდის მიიღებს პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს. მაშინ არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ცხოველთა რეგისტრაცია გახდება სავალდებულო. შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც იქნება ინფორმაცია არა მარტო ცხოველებზე, არამედ მფლობელებზეც“, – განაცხადა კობიაშვილმა.

მისი განმარტებით, ჩიპირება ცხოველების იდენტიფიცირების ერთ-ერთი გზაა. ცხოველის სხეულში ჩადგმულია მიკროჩიპი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცხოველისა და მისი მფლობელის შესახებ. ცხოველთა ჩიპირების შემდეგ თუ პატრონი შინაურ ცხოველს ქუჩაში გააგდებს, დაუყოვლებლივ დადგინდება პატრონი, მისი ტელეფონის ნომერი, მისამართი.
10 აპრილს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის მშენებლობა დააანონსა. 150 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი ორ წელიწადში აშენდება.
ყველა ახალი ამბავი
0