მაოხარი ჩონჩოლ-მუსა: ამბავი მეტეხის ეშაფოტზე სატევრით დაკლული ლეკისა

© Pixabay / AnnyksPhotography
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2023
გამოწერა
ქართველი მეფეები გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში უძველესი დროიდან იყენებდნენ დაქირავებულ ჩრდილოკავკასიელებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველო დასუსტდა და დაქუცმაცდა, ქვეყანას ჩრდილოელ მეზობელთა დაქირავების საშუალება აღარ გააჩნდა. ამიტომ „დაუსაქმებელი“ დიდი ძალა ჩვენვე შემოგვიბრუნდა და საქართველოს ძარცვას მიჰყო ხელი.
საქართველოს დასუსტებით ჯერ ოსებმა ისარგებლეს და XIII საუკუნის ბოლოს შიდა ქართლი მოითარეშეს. მაშინ ქართველთა დიდმა მეფემ — გიორგი ბრწყინვალემ გაწმინდა ქვეყანა ოსი ყაჩაღებისგან.
ჩრდილოეთკავკასიელთა ახალი ტალღა XVI საუკუნიდან მოგვაწყდა, როდესაც ოსმალების მიერ წაქეზებულ ადიღეელთა წინაპრები აფხაზეთის მიწაზე დამკვიდრდნენ, ხოლო ოსებმა დვალეთი აითვისეს ეთნიკურად.
განსაკუთრებით დამანგრეველი ხასიათი ჰქონდა XVIII საუკუნის პირველ წლებში დაწყებულ ლეკიანობას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველო გააპარტახა.
ლეკების არაერთმა ბელადმა ილაშქრა და სისხლი გაუშრო საქართველოს, მაგრამ მათგან ყველაზე დიდი მტარვალი მაინც ჩონჩოლ-მუსა იყო. ის მრავალი წლის განმავლობაში აოხრებდა ჩვენს ქვეყანას და ენით აუწერელი ზიანიც მოგვაყენა.
ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის ზურგს ამოფარებული ჩონჩოლ-მუსა ჯერ 1754-1755 წლებში შემოიჭრა ორჯერ ქართლ-კახეთში, მერე კი, უკვე გათამამებული, ავარიის ხანისგან დამოუკიდებლად თარეშობდა ერთგულ მეომრებთან ერთად.
1758 წელს ჩონჩოლ-მუსამ 4 ათასი მეომრით რბევა-რბევით გაიარა ქართლი და კახეთი. მეფეებმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ლაშქრის შეყრა ბრძანეს და თან დახმარებისთვის იმერეთის მეფე სოლომონ I-საც მიმართეს. მაგრამ სანამ ქართველი მეფეები ჯარს შეკრებდნენ, ლეკთა ბელადმა მოასწრო და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი.
საფაშოზე თავდასხმა კი ოსმალეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ამიტომაც შეიკავეს თავი ქართველმა მეფეებმა სიტუაციის გამწვავებისგან და მარბიელი ლეკები დაუსჯელი დარჩნენ.
ახალციხის ფაშამ დიდი პატივით მიიღო ჩონჩოლ-მუსა და თავშესაფრის სანაცვლოდ ურჩი იმერეთის დარბევა სთხოვა. ლეკებმა იმერეთი დალაშქრეს და ნადავლით დატვირთულები ახალციხეში დაბრუნდნენ. იქ მათ ფაშისგან დაპირებული გასამრჯელო მიიღეს და დაღესტნისკენ უტიეს. გზად კი კიდევ ერთხელ მოაოხრეს ქართლი და კახეთი.
მომდევნო წელს უკვე კოხტა-ბელადთან ერთა შემოიჭრა ჩონჩოლ-მუსა ქართლში. მან აჩაბეთის ციხე აიღო და ავნევს ალყა შემოარტყა, კოხტა-ბელადი კი ატოცის ციხეს მიადგა.
ქართლ-კახელთა საშველად მყის დაიძრა სოლომონ იმერთა მეფე. მისმა ჯარმა კოხტას რაზმს შეუტია და ლეკთა ბუნაგი მოშალა, მტერი გააქცია. ლეკებმა ავნევში მყოფ თანამოძმეებს მიაშურეს და თავს დატეხილი უბედურება შეატყობინეს. ჩონჩოლ-მუსაც მაშინვე აიყარა, ავნევს გაეცალა და დვანის ციხეს შეეფარა.
ბოლოს ატოცთან მოხდა შეტაკება. ბრძოლა თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა. როცა ინათა, ახლომახლო ერთი ლეკიც აღარ ჩანდა — სიბნელით ესარგებლათ და გაპარულიყვნენ. ქართველები კი დაედევნენ ბრძოლიდან გაპარულებს, მაგრამ გვიანღა იყო.
„მეფემან თეიმურაზ და ირაკლიმ მოიკრიფნეს მხედრობანი ქართლისა და კახეთისანი, შეერთდნენ იმერთათათანა, დაეცნენ ატოცს და მოსწყვიტნეს ფრიად ლეკნი და ჩონჩოლ მუსა, მხილველი ამისი, განივლტო ღამე და ესრეთ განერიდა“.
ვახუშტი ბატონიშვილი
გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსიდა კარტოგრაფი. ავტორი სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი.
და, მაინც, ლეკთა თარეში ვერა და ვერ აღკვეთეს ქართველებმა, ვერაფერს უხერხებდნენ მოთარეშეებს, „იყო ცემა და ტაცება, ყოველგან ხოცა და ტყვეთა წასხმა“.
განსაკუთრებით მოუხელთებელი ჩონჩოლ-მუსას რაზმი გამოდგა. მაგრამ, როგორც სერვანტესი იტყოდა, „ყველა ღორს უდგება წმინდა მარტინის დღე“. ჩონჩოლ-მუსასაც დაუდგა ბოლო ჟამი.

ეს კი ასე მოხდა.

1766 წელს თურქებმა ქუთაისში სამეფო ტახტზე სოლომონ I-ის ბიძისწული თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს, მისმა წინამორბედმა სოლომონ მეფემ კი საწერეთლოს შეაფარა თავი. იქ დაიწყო ერთგული მეომრების შეკრება ტახტის დასაბრუნებლად. მაშინ იყო, ჩონჩოლ-მუსას ლეკთა რაზმიც რომ დაიქირავა, მაგრამ დიდი გასამრჯელო მოსთხოვა ლეკმა დახმარების სანაცვლოდ. მერე კი, როცა კვლავ იმერთა ტახტზე ავიდა სოლომონი და ლეკებისთვის ფულის გადახდის დრო დადგა, ანგარიში ვერ გაასწორა მეფემ — ფული არ ჰქონდა. ამიტომ ლეკები საწერეთლოს მოედვნენ და ერთიანად ააოხრეს, ნადავლიც წაიღეს და ტყვეებიც წაასხეს.
ძალა არ ჰქონდა იმხანად სოლომონ მეფეს, სხვა გზა არ დარჩენოდა, ერეკლე II-ს შეატყობინა მომხდარი. ჩაუსაფრდნენ ქართლელ-კახელები მომთაბარე ყაჩაღებს და ერთიანად ამოწყვიტეს, ხოლო იმერეთიდან წამოსხმული ტყვეები შინ დააბრუნეს.
რაც მთავარია, ჩონჩოლ-მუსა ცოცხლად შეიპყრეს და ტფილისში ჩამოიყვანეს დასასჯელად.
მეფის მოედანზე, მეტეხის ხიდის სიახლოვეს აღმართეს სახრჩობელა და ეშაფოტზე აიყვანეს ლეკთა ბელადი. გადმოხედა თავშეყრილ ხალხს ავაზაკმა და დაცინვით მიუგდო:
„რა გიხარიათ, გურჯებო?! 67 წლისა ვარ, 50 წელი გარბევთ, 20000 ტყვე გამიყიდია“.
დადუმდა ხალხი. გაშრა და გაფითრდა ერეკლე მეორე.

ამბობენ, მოსასხამი წაიძროო მხრებიდან, ფეხით შედგაო ზედ, მე ვარ დამნაშავე, მე ვერ ვუვლი ჩემს ხალხს და მე დამსაჯეთო. ძლივს დააწყნარეს მეფე, ძლივს გაიყანეს მოედნიდან.
პირველი ქიზიყის მოურავი რევაზ ანდრონიკაშვილი მოგებულა გონს. ამაღლებულ ფიცარნაგზე ავარდნილა, მარცხენა ხელით თოკი შეუხსნია, მარჯვენით კი სატევარი უძგერებია მაოხარისთვის შიგ პირში. კეფიდან გაუტანინებია ავყია ენის ნაფლეთები...

ასე დაუკლია ანდრონიკაშვილს ავაზაკი ლეკი, ქართველთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტარვალი და ამწიოკებელი.
ყველა ახალი ამბავი
0