ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილმა უკვე მიიღო „ჯილდო“ ქართველი ხალხისგან

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2023
გამოწერა
12 აპრილს სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა – თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საზოგადოებამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა ჯილდო საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის - მათ თვალში ის წამების არქიტექტორი და შემოქმედია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.
12 აპრილს სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა – თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. ვარშავაში დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეული არიან დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი პოლონეთის მთავრობა.
„ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია სააკაშვილთან დაკავშირებით განსაზღვრა ჯილდო და ეს ჯილდო არის მისი ის პოზიცია, რომ ქართველი ხალხისთვის, საქართველოსთვის, მიხეილ სააკაშვილი არის წამების, გაუპატიურების, ცოცხების მოქმედების მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
საუბარია პატიმრების წამებაზე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
მარტის ბოლოს სააკაშვილი ნორვეგიელი პოლიტიკოსის სიურ ლინდებრეკეს (ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებელი) სახელობის პრემიით დაჯილდოვდა – ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისათვის. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენა სანდ ანდერსენი დაიბარეს.
მანამდე კი საქართველოში ნორვეგიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხეში მოხვდა, სადაც წამების მსხვერპლი გახდა. ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა.
ყიდულობს თუ არა სააკაშვილის ოჯახი საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის ჯილდოებს? >>
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ადამიანის უფლებების დარგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა. უფრო მეტიც, მან ექს-პრეზიდენტი ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შეადარა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0