ნუცა ბუზალაძე American Idol-ის მომდევნო ეტაპზე გადავიდა

© courtesy of Nutsa Buzaladze ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2023
გამოწერა
ნუცა ბუზალაძე მტკიცედ მიიწევს American Idol-ის ფინალისკენ.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ვოკალური მეგაპროექტი American Idol-ის 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა.
მაყურებელმა ნახა, როგორ შეხვდა ნუცა პროექტის ჟიურის წევრებს – ლაიონელ რიჩის, ლუკ ბრაიანსა და კეტი პერის. ქართველმა მომღერალმა მათ გაუზიარა თავისი შეხედულება კონფლიქტზე, რომელიც მას კონკურსის მონაწილესთან დუეტების ტურში ჰქონდა, სადაც ჟიურის წყვილიდან საუკეთესო შემსრულებელი უნდა შეერჩია.
იმის მიუხედავად, რომ გოგონებმა რეპეტიციები კარგად დაიწყეს, მოგვიანებით უთანხმოება გაჩნდა. ნუცა არ მივიდა ერთ-ერთ რეპეტიციაზე, მაგრამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ იცოდა, რეპეტიცია თუ ტარდებოდა და გაცდენა მისი ბრალი არ იყო. რეპეტიციები გაგრძელდა, თუმცა ნუცას კონკურენტი, რომელთან ერთადაც მან იმღერა, ნომრით უკმაყოფილო დარჩა.
უკვე სცენაზე, ჟიურის წევრების წინაშე მან განაცხადა, რომ ნუცამ „რეპეტიციას ძილი ამჯობინა“. კეტი პერიმ ნუცას მიმართა და უთხრა, რომ გამოსვლის დროს არ დაევიწყებინა სინაზე. მაშინ ქართველმა მომღერალმა პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რადგან, მისივე სიტყვებით, შეეშინდა არ ატირებულიყო.

„ეს ტური ურთულესი ემოციური გამოცდა იყო ჩემს ცხოვრებაში“, – თქვა მან.

სწორედ ამის ახსნა სურდა ნუცას ჟიურის წევრებისთვის. კეტი პერიმ მომღერალი დაამშვიდა, გადაეხვია მას და დასძინა, რომ ნუცას დიდი გული და დიდი ნიჭი აქვს.
ყველაფრის მიუხედავად, ნუცა დუეტების ტურშიც შესანიშნავად გამოვიდა. შემდეგ ტურში კი ნუცამ კვლავ ცეცხლი დაანთო სცენაზე, როდესაც შეასრულა ტინა ტერნერის სიმღერა Proud Mary. იგი მომდევნო ტურში გადავიდა და ახლა პროექტის 24 საუკეთესო შემსრულებელს შორისაა.
ყველა ახალი ამბავი
0