ღარიბაშვილი: 9 აპრილი ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა

© courtesy of Giorgi Kvirikashvili9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი
9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2023
გამოწერა
დღეს 34 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც მრავალი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 9 აპრილს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება, საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ კი მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება და გააძლიერა ქვეყნის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.
„ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს. დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს”, – განაცხადა პრემიერმა.
9 აპრილს ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი ჩატარდება. ქვეყნის პირველი პირები გვირგვინებით შეამკობენ მემორიალს, რომელიც თბილისში პარლამენტის წინ არის აღმართული.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
ყველა ახალი ამბავი
0